გიორგი ბერაია ფოტო: facebook

რა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ფადი ასლის ფულადი ჯარიმა დაეკისრა, სასამართლოს მხრიდან შეფასდა როგორც პრეცედენტული საქმე.

საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ შელახული ღირსება და პატივი სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა.

პრეცედენტულ საქმეში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების  განვითარების ინსტიტუტი) პროექტის იურისტი გიორგი ბერაია გარკვეულ საფრთხეს ხედავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს პრესრელიზიდან ჩანს, რომ სასამართლო დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ პირის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება არ დაიწყეს, ეს ბრალდებები კი ისევ ამ პირის წინააღმდეგ გამოიყენეს.

“რადგან სრული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, ამის გამო ცოტა რთულია სრულყოფილად საუბარი. რა თქმა უნდა, გავეცნობით გადაწყვეტილებას და შემდგომ უფრო საფუძვლიან დასკვნას გავაკეთებთ. თუმცა პრესრელიზიდან ჩანდა, რომ  სასამართლო აპელირებდა ამ მოსამართლის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ეს არის უბრალოდ დაუსაბუთებელი არგუმენტი იქიდან გამომდინარე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას აქვს განსხვავებული მიზნები, ფუნქცია, მისი ამ კონტექსტში ხსენება არარელევანტურია. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ობიექტი არის ბრალდებული პირი, ანუ ბრალდებული პირის უფლებების დამცავი არის უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართალში.  ის ვერ/არ არის სამოქალაქო დავებში რელევანტური საფუძველი და სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო არ იცნობს ამ კუთხით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. პრესრელიზში ასევე  ჩანს, რომ სასამართლო თითქოს აპელირებს იმ ფაქტზე, რომ რადგანაც გამოძიება არ დაიწყო შსს-მ და პროკურატურამ,  ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ  ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი. ამგვარი მსჯელობა არის ძალიან სახიფათო გამოხატვის თავისუფლებისთვის. ფაქტობრივად, ვიღებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც თუ ვინმეს განცხადებაზე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს ეხება,  გამოძიებას არ დაიწყებს პროკურატურა ან შსს, გამოდის, რომ ეს გამოიყენება შემდგომში ამ პირის წინააღმდეგ.  ცალსახად იმაზე დაყრდნობა, რამდენად ეფექტურად ან სრულყოფილად გამოიძიებენ საქმეს შსს და პროკურატურა, შემდეგ კი ამის მოხმობა  სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, ასევე შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის კუთხით ქვეყანაში,”- აცხადებს გიორგი ბერაია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მოსამართლის  პატივის და ღირსების შელახვისთვის . თავდაპირველად, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა.

საქმე შეეხება მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილებას შ.პ.ს ფილიპ მორისისა და “თბილისის თამბაქოს”საქმეებთან დაკავშირებით. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ  საქმის განმხილველ მოსამართლეს, ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა. მოსამართლემ ჩათვალა რომ ფადი ასლის ბრალდებებით მისი ღირსება და პატივი შეილახა და 2017 წლის მაისში ბიზნესმენს სასამართლოში უჩივლა.

საქალაქო სასამართოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ფადი ასლი შემდეგ ინსტანციებში გაასაჩივრებს და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.