ფადი ასლი და ვლადიმერ კაკაბაძე

კორუფციაში მოსამართლის დადანაშაულებისთვის ფადი ასლის 3000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა  მოსამართლის  პატივისა და ღირსების შელახვისთვის .

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით, ბიზნესმენს დაევალა ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმ მედიასაშუალებებში, სადაც ფადი ასლის მხრიდან სადავო ინფორმაცია გახმიანდა.

საქალაქო სასამართლოს შეფსებით, საქმე პრეცედენტულია, რადგან პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში მოსამართლემ მოქალაქის მხრიდან შელახული ღირსება და პატივი სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ მიმდინარე წლის მაისში ბიზნესმენ ფადი ასლის სასამართლოში უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა. ვლადიმერ კაკაბაძემ მიიჩნია, რომ ბიზნესმენმა მისი პატივი და ღირსება შელახა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციებში გაასაჩივრებს და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგსაც მიმართავს. ამის შესახებ პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვერც სააპელაციო სასამართლოს და ვერც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ჩემს აზრს იმის თაობაზე, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა. კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ ხელის დაფარების ნაცვლად საქართველოს სასამართლო სისტემამ უნდა გაწმინდოს სასამართლოები არაკეთილსინდისიერი ელემენტებისგან, რათა სასამართლოს მიმართ აღდგეს ნდობა და პატივისცემა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიცუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩემი აზრით, კორუმპირებული მოსამართლე, რომელიც თავისივე სასამართლოს მიმართავს ღირსების აღსადგენად, ძალიან ჰგავს სიტუაციას, როცა მეძავი სთხოვს გინეკოლოგს ქალიშვილობის აღდგენას”,-აცხადებს ფადი ასლი.

ბიზნესმენის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანია, მოქალაქეებს შეეშინდეთ, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები  მოსამართლეებზე და სასამართლო სისტემაზე.

საქმე შეეხება მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილებას შ.პ.ს ფილიპ მორისისა და “თბილისის თამბაქოს”საქმეებთან დაკავშირებით. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ  საქმის განმხილველ მოსამართლეს ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეის“  დააკისრა 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, თუმცა 2017 წლის 9 ივლისს თბილისის საპელაციო სასამართლომ  გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპანიები 92 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.