ახალი ამბები

სოციალური დახმარებით შესაძლოა ბინადაკარგულმა იპოთეკარებმაც ისარგებლონ

18 სექტემბერი, 2017 • 2281
სოციალური დახმარებით შესაძლოა ბინადაკარგულმა იპოთეკარებმაც ისარგებლონ

პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც სოციალური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, უსახლკარო პირთა ცნების განმარტებას ემატება იპოთეკარები, რომლებმაც ბოლო საცხოვრისი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების შედეგად დაკარგეს. კანონპროექტის ინიციატორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”.

პარტიაში აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის მეანაბრეთა პრობლემებს. დაადგენს, რის გამო მოუხდათ მათ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, რის შემდეგაც სახელმწიფო მოახდენს მათი უძრავი ქონების გმაოსყიდვას ან სესხის რესტრუქტურიზაციას.

“პატრიოტთა ალიანსის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სოციალური დახმარებების სახეებს ემატება „მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს უსახლკარო პირებზე მინიმალური ოდენობის ფართის გადაცემას”.

“პატრიოტთა ალიანსში” ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მოხდება პირის შემოსავლების შეფასება. პარტიის წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან და გარდა ამისა, უსახლკაროც, სახელმწიფოსგან მინიმალური საცხოვრისი უნდა მიიღონ. იმ პირებს კი, რომლებსაც ძალზედ მწირი შემოსავალი აქვთ, თუმცა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ არიან,  შეიძლება გრძელვადიანი უპროცენტო სესხი გაუფორმდეთ.

გარდა ამისა, დამტკიცების შემთხვევაში კანონს ორი ახალი ტერმინი დაემატება- “ბოლო საცხოვრისი”, რაც გულისხმობს უძრავ ნივთს, რომელიც წარმოადგენს პირის და მისი ოჯახის წევრებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს. „მინიმალური საცხოვრისი“ კი გულისხმობს პირის ან/და ოჯახის წევრებისათვის მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ ფართს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებების მიზანია, სოციალური დახმარების სახედ დაადგინოს მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა, მოახდინოს უსახლკარო პირებზე სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრა, მათი ერთიან ბაზაში აღრიცხვა და მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა განიხილონ. მათი მხრდაჭერის შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი