ახალი ამბები

არასამთავრობოები: ინსტიტუციური ჰომოფობია პოლიციაში დაუსჯელობის გარემოს ქმნის

26 აგვისტო, 2017 • 1687
არასამთავრობოები: ინსტიტუციური ჰომოფობია პოლიციაში დაუსჯელობის გარემოს ქმნის

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩევენ, რომ ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის საქმე მწვავედ ავლენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობის პრობლემას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტია უნდა იყოს.

16 არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 26 აგვისტოს გაავრცელა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენეს, რომ წლების განმავლობაში მიუთითებდნენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგიისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობაზე, თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, უწყებას ხელშესახები რეფორმა ამ მიმართულებით არ დაუწყია.

ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი უფლების დარღვევის მსხვერპლები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან, ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტი თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია (GYLA), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კავშირი საფარი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა მოძრაობ, თემიდა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ჰერა 21, იდენტობა.

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა.

მათ პოლიციელების დაუმორჩილებლობასა და წვრიმლმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

25 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრები – თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელების მხრიდნა შესაძლო დანასაულის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ძალაუფლების გადამეტებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი