28193

თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, რომლის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

საჩივარი ცხინვალის პროკურატურას თამარ მეარაყიშვილის ადვოკატმა დღეს, 25 აგვისტოს ჩააბარა.

ახალგორელი აქტივისტი და მისი ადვოკატი მიიჩნევენ, რომ ახალგორის/ლენინგორის პროკურატურის მიერ მისთვის 2017 წლის 16 აგვისტოს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება ცილისწამების მუხლით უნდა შეწყდეს,  რადგანაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიებას ბრალდების მტკიცებულებები არ გააჩნია.

აქტივისტს ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. მსგავსი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ დრომდე არავის მიმართ არ დაუწყიათ. საქმე შეეხება მეარაყიშვილის მიერ რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე. თუმცა მისი სამართლებრივი დევნა რეალურად მის აქტივიზმს უკავშირდება.

თამარ მეარაყიშვილის უფლებებს მიუკერძოებელი ადვოკატი ჩრდილოეთ ოსეთიდან, იკრამჟან რამატოვი იცავს, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვლდიკავკაზიდან ახალგორში სამჯერ ჩავიდა, თუმცა, ადგილობრივი პროკურატურა სხვადასხვა მიზეზით [მათ შორის ელექტროენერგიის პრობლემა, თარჯიმნის პრობლემა] მეარაყიშვილის დაკითხვას ვერ ახერხებს.

ის, რომ აქტივისტის მიმართ აღნიშნული მუხლით ბრალდება უნდა შეწყდეს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-იც საუბრობს.

რუსმა უფლებადამცველმა ვარვარა პახომენკომ “ეხო კავკაზასთან” თამარ მეარაყიშვილის საქმეთან დაკავშირებით მომზადებულ მასალაში ცილისწამების ბრალდების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ბრალდება, მისი დამტკიცების სირთულიდან გამომდინარე, რუსეთშიც კი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული კანონმდებლობა ვრცელდება] ძალიან იშვიათად გამოიყენება.

“ცილისწამება ეს ცრუ ინფორმაციაა, ანუ ადამიანმა თავიდანვე იცის, რომ ტყუის და მაინც სიცრუეს ამბობს. ძიების ამოცანაც სწორედ ისაა, რომ ეს მომენტი დაამტკიცოს, რაც ძალიან რთულია. ამიტომაც რუსეთში ძირითადად ადმინისტაციული საქმეები იწყება პატივისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. თუმცა ამასაც ახლავს სირთულეები, რადგან მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად დაზარალდა ცილისწამების გამო, ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან ნერვული დაავადებით დაავადდა და ა.შ”.


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი