ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამოქალაქო აქტივისტის გატაცება ახალგორში

12 ივნისი, 2017 • 6995
სამოქალაქო აქტივისტის გატაცება ახალგორში

ახალგორის რაიონში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალი აკონტროლებს, 8 ივნისს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი  დაახლოებით 13 საათით იყო გატაცებული.

სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, 8 ივნისს, მისი გატაცების დღეს, თბილისში შვილთან უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვეღარ ჩააღწია. 8 ივნისს,  11 საათსა და 55 წთ-ზე მან ახალგორიდანვე დაურეკა შვილს და უთხრა, რომ თბილისში ვეღარ ჩადის და დამატებითი კითხვები არ დაესვა. მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს ის დროა, როდესაც გამტაცებლებმა შვილთან დარეკვის უფლება მისცეს, რათა  “გეგმების შეცვლის შესახებ” გაეფრთხილებინა.

სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა, კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს.

მანამდე, სანამ თავად არ ისაუბრებს გატაცების დეტალების შესახებ, არსებობს მხოლოდ ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება ახალგორში მის სამოქალაქო აქტივობასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას დაქვემდებარებული ახალგორის რაიონის მწვავე პრობლემების თითქმის ყოველდღიურ გაშუქებას, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებდა. გარდა ამისა, თამარ მეარაყიშვილი ოსეთის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი