ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International მეარაყიშვილის საქმეზე: დე ფაქტო ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ახშობს

21 აგვისტო, 2017 • 2486
Amnesty International მეარაყიშვილის საქმეზე: დე ფაქტო ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ახშობს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ დევნას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ აქტივისტის მიმართ ცილისწამების ბრალდება უნდა შეწყდეს,  დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო მისი დევნა კი უნდა დასრულდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცილისწამებაზე, თუკი ის დამტკიცებულია, სამოქალაქო განხილვა უნდა შედგეს. თამარ მეარაყიშვილის შემთხვევაში კი, ცილისწამების ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

აქვე Amnesty International საუბრობს იმის შესახებ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოებს ცილისწამების დეკრიმინალიზაციისა და სისხლის სამართლის ჭრილში მისი გამოყენებისკენ უკიდურესად სერიოზულ საქმეებზე მოუწოდებს.


აქტივისტს ახალგორიდან თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი