ლევან იზორია: ცხელი ზაფხულის პირობებში მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეექმნათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე წინა დღეებთან შედარებით სტიქიის ზონაში ვითარება გამოსწორებულია. ასევე აღნიშნავს, რომ მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ მათ კლიმატური პირობები უშლით ხელს.

“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვერტმფრენიდან განგვეხორცილებინა მონიტორინგი, თუ რა მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა არის აშკარად გამოსწორებული. კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა შემდგომ მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა ამ კერებზე რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით, თუმცა, როგორც ხედავთ, კლიმატური პირობები ხელს არ გვიწყობს.

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, თუ როგორ ღვივდება ცეცხლი ქარის შემთხვევაში და თქვენ ხედავთ, რომ აქ ქარია, რაც უწყობს ხელს იმას, რომ კერები გაღვივდეს.” – განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, რელიეფი და კლიმატი ხელს უშლის ცეცხლის კერების საბოლოოდ ჩაქრობის პროცესს, ამიტომ ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, რომ საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და ლიკვიდაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას:

“მსგავსი სირთულეების წინაშე დგას მთელი რიგი ქვეყანა მსოფლიოს მაშტაბით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ცხელი ზაფხულის პირობებში მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეექმნათ და ცალკეული ქვეყანა, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს შესაბამისი ტექნიკით, სტიქიის წინააღმდეგ ვერ დაიმძლავრებს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. საქართველოს შემთხვევაში, თავისი რესურსებით მაქსიმუმს აკეთებს პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლედ დროში მოხდეს ცეცხლის ლიკვიდირება”.

ლევან იზორიამ საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ათინა ბრეგვაძე