13698

საპატრიარქოს განმარტებით, არ იცოდნენ, რომ სტუმრად დუმის დეპუტატი ყავდათ

საპატრიარქოდან “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატი არტიომ კავინოვი საპატრიარქოში იმყოფებოდა რუსეთის სამღვდელოებასთან ერთად და მათ არ იცოდნენ, რომ იგი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განმარტებით, რუსეთის ეკლესიის სამღვდელოების დელეგაცია საერო პირებთან ერთად ილია მეორის ანგელოზის დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა.

დეკანოზის თქმით, საპატრიარქოს ეზოში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა და მათ შორის იყო დელეგაცია რუსეთიდან.

დეკანოზის განმარტებით, პატრიარქმა ილია მეორემ ისინი მიიღო და დალოცა, თუმცა რაიმე სახის საუბარი მათ შორის არ ყოფილა.

დეკანოზმა განმარტა, რომ  ცრუ ინფორმაციაა ის, რომ დეპუტატი მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში.

“ჩვენ თანამდებობებს, სახელებს და გვარებს მომლოცველებს არ ვეკითხებით, რომლებიც საქართველოში მოდიან. არანაირი ოფიციალური ცალკე შეხვედრა, არც მოწვევა და არც მოთხოვნა არ ყოფილა”, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისი თქმით, როგორც შემდეგ გაარკვია დეპუტატი საქართველოში სისტემატურად ჩამოდის დ იქამდე ჩამოდიოდა სანამ ამ თანამდებობას დაიკავებდა, რადგან “უყვარს საქართველოს სიწმინდეების მოლოცვა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com