http://anagi.ge/

ხუთი გამოგონება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის

ბოლო წლებში მეცნიერები და გამომგონებლები აქტიურად მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიების აღორძინების ხანაში ყურადღების მიღმა არც უსინათლო, ეტლით მოსარგებლე და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი რჩება. მაშ ასე, ხუთი ახალი გამოგონება შშმ პირების უკეთესი ცხოვრებისთვის.  

სპეციალური კოვზი პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის

ფოტო: bbc.com

ფოტო: bbc.com

მსოფლიოში ათ მილიონზე  მეტი ადამიანი ებრძვის პარკინსონის დაავადებას, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის დამოუკიდებლად ჭამაა. ხელების დაუმორჩილებლობის გამო ისინი ხშირად სხვების დახმარებას საჭიროებენ. სწორედ ამ პრობლემაზე იფიქრა LiftLab-ის დამაარსებელმა ანუპა პატაკმა, რომელმაც შექმნა სპეციალური კოვზი, რომელიც 76%-ით უწყობს ხელს პარკინსონის დიაგნოზის მქონე ადამიანის ხელის მოძრაობას.

კოვზში არის მოთავსებული სპეციალური კომპიუტერი, რომელიც ალგორითმის საშუალებით გრძნობს ადამიანის ხელის მოძრაობას. ადგენს, მოძრაობა დაგეგმილია თუ დაუგეგმავი და თუ დაუგეგმავი აღმოჩნდება, მოწყობილობა ხელის საპირისპიროდ იწყებს მოძრაობას, რაც საბოლოოდ უადვილებს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანს საკვების მიღებას.

პროდუქტის სიძვირის გამო კომპანია LiftLab შემოწირულობით ეხმარება მათ, ვისაც არ შეუძლია ამ კოვზის შეძენა. წლებთან ერთად კი, კომპანიამ განავითარა პროდუქტი და დაემატა ჩანგალიც.

კოვზის შეძენა შესაძლებელია Amazon-ის საიტზე და მისი ფასი 199 ამერიკული დოლარია.

 

ელექტრომანქანა „კენგურუ“

ფოტო: kdsmartchair.com

ფოტო: kdsmartchair.com

ეტლით მოსარგებლე ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები და სახლიდან გასვლა უპრობლემოდ შეძლონ, სტეის ზოერნი სპეციალურ ელექტროავტომობილს სთავაზობს –  „კენგურუ“ მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებს მქონე ადამიანებზე. პროექტზე მუშაობა ორიათასიან წლებში დაიწყო და ავტომობილის დახვეწა დღემდე მიმდინარეობს, მანქანაში მოთავსება ძალიან მარტივად შეიძლება საბარგულის მეშვეობით. მანქანა იძლევა ქალაქში გადაადგლების საშუალებას. ამასთან, ის ეკო-მეგობრულია და ცხრასაათიან დამუხტვას საჭიროებს, უსაფრთხოდ რომ გატაროთ ქუჩაში. ავტომობილი 40 კილომეტრს ანვითარებს საათში და მისი მართვა ძალიან მარტივია.  

ასე რომ, იმ პირობებში, როცა ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სტეისის გამოგონება ნამდვილად დროულია. იდეის ავტორი აღნიშნავს, რომ „კენგურუს“ შეძენა 2018-2019 წლისთვის იქნება შესაძლებელი დაახლოებით 20-35 ათას ამერიკულ დოლარად. იმედია, რამდენიმე წელიწადში მის შეძენას ყველა მსურველი შეძლებს.   

 

ბრაილის სმარტფონი

ფოტო: filehippo.com

ფოტო: filehippo.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 285 მილიონ ადამიანს აქვს მხედველობის პრობლემა, აქედან 38 მილიონი სრულიად უსინათლოა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. უსინათლო ადამიანებისთვის აქამდე უკვე არსებობდა სპეციალური მობილური ტელეფონები, აპლიკაცები, მაგრამ ისინი ფუნქციების სიმწირით გამოირჩეოდა, ამიტომაც სუმიტ დაგარმა დონორების მხარდაჭერით დაანონსა მსოფლიოში პირველი ბრაილის სმარტფონი სენსორული ეკრანით, რომელიც გაუმარტივებს უსინათლოებს კომუნიკაციას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და გარშემომყოფებთან. 

მალე შესაძლებელია, ვიდეოზარის დროს უსინათლო ადამიანმა შეხებით აღიქვას ადამიანის სახე ვიდეოზარებთან და ტექსტურ შეტყობინებებთან ერთად. სმარტფონის დახმარებით შესაძლებელი გახდება რუკების წაკითხვა, ვიდეოთამაშებით გართობა და მეილების კითხვა. ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის გაიყიდება სმარტფონი, მაგრამ იდეის ავტორი იმედოვნებს, რომ ფასი მაღალი არ იქნება და ყველას შეეძლება მისი შეძენა.

დეკა ბიონიკური მკლავი

mobiusbionics.com

mobiusbionics.com

ვისაც „ვარსკვლავური ომები“ გინახავთ, გემახსოვრებათ ლუკ სკაიუოკერი და მისი ამპუტირებული ხელი, დეკა ბიონიკურ მკლავი ლუკის სახელს ატარებს. პროთეზზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო DARPA-მ და მას შემდეგ აქტიურად, თითქმის ყოველწლიურად მუშაობენ მის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.

ცნობილია, რომ იგეგმება სხვადასხვა ზომის პროთეზის დამზადება. ის ძალიან ბევრ ფუნქციას შეითავსებს, მისი გამოყენება წვიმის და ქარის დროსაც იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს პროთეზის საშუალებით რბილი და მსხვრევად საგნების გამოყენებაც შეეძლება – ის თითქმის იდიალურად ჩაანაცვლებს ხელს. პროთეზს ექნება ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიით დაიმუხტება. სპეციალური მექანიზმის დახმარებით მომხმარებელი უფრო ბუნებრივად და ინტუიტიურად აამოძრავებს პროთეზს.

დეკა ბიონიკური მკლავი უახლოეს მომავალში გამოჩნდება ბაზარზე, ფასი მაღალი იქნება (100.000$), მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ერთ დღესაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასად გაიყიდება.

ქამარი, რომელიც იძლევა სიგნალს ეპილეპტიკური შეტევის დროს

ფოტო: geek.com

ფოტო: geek.com

ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები არასდროს არიან დაზღვეული მოულოდნელი ეპილეპტიკური შეტევისგან. ზრდასრული ადამიანისთვის ამასთან  ბრძოლა უფრო მარტივია, ვიდრე ბავშვებისთვის – პატარები შეიძლება სერიოზულად დაზიანდნენ მოულოდნელი შეტევით. 

სწორედ ამიტომ, Rice-ს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა შექმნეს ახალი მოწყობლობა, კერძოდ ქამარი, რომელიც აკონტროლებს ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს. ქამარს SMART დაარქვეს და მისი გაკეთების შემდეგ სენსორებით აკონტროლებს ცვლილებას ადამიანის კანში. მოწყობილობა ეპილეპტიკური შეტევის დროს ბლუთუზისა და უსადენო ინტერნეტის საშუალებით გადასცემს სიგნალებს მშობლების კომპიუტერებს ან სმარტფონებს, რის შემდეგაც მარტივდება საჭირო ზომების მიღება და არასასურველი შედეგების თავიდან აცილება.

მიუხედავად იმისა, რომ ქამარი ვერანაირად შეებრძოლება დაავადებას, ის საუკეთესო საშუალება იქნება ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ქამარი უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მისი ფასი 100 ამერიკულ დოლარამდეა.  

ახალ გამოგონებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიდის და შემქმნელები ცდილობენ დახვეწონ თავიანთი პროდუქტი. თითოეული მათგანის ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მეცნიერება და გამომგონებლები დაინტერესდნენ ამ საკითხით და თავიანთი ძალები და რესურსები აქეთკენ მომართეს.

______________________________________

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს მხარდამჭერი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ზურა აბაშიძე