ახალი ამბები

მიზეზი, რატომაც აზიარებენ FB-ზე 21 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს

5 თებერვალი, 2024 • 37333
მიზეზი, რატომაც აზიარებენ FB-ზე 21 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს

სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქის“ ქართულენოვან სეგმენტში, ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ჩელენჯი (გამოწვევა) „შენ 21 წლის ასაკში“.

გამოწვევა მოიაზრებს, რომ მათ, ვინც საკმაოდ გასცდა ასაკის 21-წლიან ნიშნულს, გამოაქვეყნონ თავიანთი მაშინდელი ფოტოები.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ [NYT] 1 თებერვლის მასალაში აღნიშნავს, რომ ტრენდს მხოლოდ „ინსტაგრამზე“ 3,6 მილიონი გაზიარება აქვს.

ჩელენჯის უკან, ამავე წყაროს ცნობით, არიზონის შტატის მცხოვრები, 43 წლის დამიან რაფი დგას. სწორედ მან 23 იანვარს გააზიარა თავისი ფოტო 21 წლის ასაკში, როცა ოჯახთან ერთად მექსიკაში იყო. რაფის თქმით, ფოტო დედამ გაუგზავნა და სწორედ იმ დღეს პირველად დალია ლუდი მშობლებთან ერთად.

დამიან რაფის „სთორიში“ გამოქვეყნებული ფოტო. წარწერა – „შემომიერთდით. მანახეთ თქვენი თავები 21 წლის ასაკში“. ქვემოთა მარცხენა კუთხეში დაჭერით მომხმარებლებს თავიანთი ფოტოს გაზიარების საშუალებაც აქვთ.

„ბევრი არაფერი შეცვლილა, თმის ფერის გარდა. ვუყურებ [ჩემს თავს] და ვფიქრობ, ეჰ, რა ბავშვი ხარ და არაფრის აზრზე არ ხარ“, – ამბობს რაფი და ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც ჩელენჯი აიტაცეს, „ინსტაგრამში“ მას უამრავი ადამიანი სწერს.

იმას, რომ ჩელენჯი მონაწილეებისგან კონკრეტულად 21 წლის ასაკის ფოტოების ატვირთვას ითხოვს, მაკანა ჩოქი, სირაკიუსის უნივერსიტეტის კომუნიკაციების პროფესორი ამერიკაში, ამ ასაკის კულტურული მნიშვნელობით ხსნის.

„ეს დრო კარგად გვამახსოვრდება, როგორც ერთგვარი თავისუფლების პერიოდი. შეგეძლო ალკოჰოლის დალევა [აშშ-ში ალკოჰოლის ლეგალურად ყიდვა მხოლოდ 21 წლიდან შეიძლება], წვეულებებზე სიარული… როგორც წესი, [წარსულის] ჩავარდნებს, შიშებს, გულის გატეხას და სხვა რაღაცებს ვივიწყებთ, მაგრამ გვახსოვს პოზიტიური მოვლენები“, – ეუბნება იგი „ნიუ-იორკ ტაიმსს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი