ახალი ამბები

უსინათლოთა კომპაქტურ დასახლებაში ხმოვანი შუქნიშნის დადგმას ითხოვენ

5 დეკემბერი, 2023 • 690
უსინათლოთა კომპაქტურ დასახლებაში ხმოვანი შუქნიშნის დადგმას ითხოვენ

ქვემო ფონიჭალაში უსინათლოთა კომპაქტური დასახლების მცხოვრებლები ზებრა გადასასვლელზე ხმოვანი შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ. საუბარია 127-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსინათლოთა დასახლების საზღვრებში ექცევა.

დასახლების ერთ-ერთი მცხოვრებელი ნანა კარაჯაევი „ნეტგაზეთს” უყვება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უსინათლოთა ოჯახებს ბინები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაეცათ და ბევრი დღემდე იქ ცხოვრობს.

კარაჯაევის თქმით, რომელიც 54 წლისაა, თავადაც ამ დასახლებაში დაიბადა და გაიზარდა და დღემდე ქვემო ფონიჭალაში ცხოვრობს. მისი თქმით, აქვე ცხოვრობენ მისი შვილები, და-ძმა, დისშვილი და ბიძაშვილები, რომლებიც ასევე უსინათლოები არიან.

ნანა კარაჯაევი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ადგილას შუქნიშანი არასდროს მდგარა და მისი მონტაჟის მოთხოვნით მერიას მისმა მეზობლებმა წარსულში მიმართეს, თუმცა ადაპტირებული გადასასვლელი ამ დრომდე არ მოწყობილა:

„ზებრა არის დახატული, მაგრამ საერთოდ არ გვითვალისწინებენ მანქანები. მხედველსაც კი უჭირს ამ გზაზე გადასვლა. არ ითვალისწინებენ, არც ჯოხით რომ გადავდივართ.  ძალიან ბევრი ავარიები ხდება. ძალიან ვიწრო გზაა და სატვირთო ავტომობილები დადიან.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მცირედმხედველ გოგოს დაეჯახა სატვირთო და საბედნიეროდ მოასწრო დამუხრუჭება და გადარჩა ის გოგო, მაგრამ ზუსტად ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმისშვილი, 26 წლის მხედველი გოგო დაიღუპა. გზაზე გადმოდიოდა, ბორდიურთან დაარტყა მანქანამ და ადგილზე დაიღუპა“, – ამბობს დასახლების მცხოვრები „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.


ნაწყვეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტიდან.

ნანა კარაჯაევის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც მერიამ მის მეზობლებს შუქნიშნის მოწყობაზე უარი უთხრა, ის იყო, რომ აღნიშნულ გადასასვლელამდე ერთი გაჩერებით წინ ხმოვანი შუქნიშანია დამონტაჟებული. თუმცა კარაჯაევი აღნიშნავს, რომ უსინათლოთათვის ქალაქში გადაადგილება ისედაც პრობლემურია და დამატებითი მანძილის გავლა ბევრი მათგანისთვის რთულია:

„ერთი გაჩერებით ადრე ხომ არ ვივლით, მით უმეტეს, ზოგი, ვისაც გამცილებელი არ ჰყავს, ვერც ჯოხით გადაადგილდება და ვერც ჯოხის გარეშე. აქ გვსურს შუქნიშნის დამონტაჟება, რომელიც მოთხოვნაზე მუშაობს, საცობები რომ არ შეიქმნას. რომ მივაჭიროთ ხელი და გაჩერდეს მოძრაობა. ჩემი სახლიდან რომც არ იყოს ძალიან ახლოს, მაინც ვიბრძოლებ ამისთვის“ ,— ამბობს კარაჯაევი.

მისი თქმით, შუქნიშნის გარდა, პრობლემურია მაღალი ბორდიურებიც, რომლებიც აღნიშნულ ზებრა გადასასვლელთანაა მოწყობილი. უსინათლოთა დასახლების მცხოვრებლის თქმით, გზაზე არც რაიმე მანიშნებელია დამონტაჟებული, რომელიც უსინათლოებს მიახვედრებდა, რომ გადასასვლელზე დგანან:

„ზებრაზე რომ დავდგებით, ხომ უნდა მივხვდეთ. არც სპეციალური მანიშნებელია მიწაზე, უსინათლო რომ მიხვდეს, რომ გადასასვლელზე დგას. ისეთი მაღალი ბორდიურებია, ჯერ იმაზე უნდა გადააბიჯო, მერე გუბეები დგება, ტალახია. უსინათლოსთვის ძალიან მიუწვდომელი ადგილია. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს, კოლმეურნეობაზე უსინათლო რომ დადგება ზებრაზე, სპეციალური ნიშანია მიწაზე, ტექსტურიანი ზედაპირია, [რელიეფური ფილები] ფეხით რომ მიხვდეს უსინათლო, რომ იქ გადასასვლელია“, — აცხადებს ნანა კარაჯაევი.

„ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ ამ ადგილზე შუქნიშნის მოწყობასთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება 27 ნოემბერს შევიდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა რამდენიმე თვეში მოეწყობა. თუმცა, ჩვენს კითხვაზე, გამოცხადებულია თუ არა უკვე ტენდერი გადასასვლელის მოწყობაზე, მერიაში გვითხრეს რომ — არა. შესაბამისად, უცნობია თარიღი, თუ როდის დაკმაყოფილდება დასახლებაში მცხოვრები უსინათლო პირების ეს მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი