ახალი ამბები

რა სჭირდება ანტიდისკრიმინაციულ კანონს მეტი ეფექტურობისთვის

28 ივლისი, 2017 • 2634
რა სჭირდება ანტიდისკრიმინაციულ კანონს მეტი ეფექტურობისთვის

რა სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური და ქმედითი გახდეს. სწორედ ამ საკითხის შესახებ მსჯელობდნენ დღეს, 28 ივლისს, ანგარიშის “სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი- კანონმდებლობა და პრაქტიკის ანალიზი” პრეზენტაციაზე.

ანგარიში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” EMC მოამზადა. ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ დისკრიმინაციის პრობლემა მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით არ მოგვარდება, თუმცა მექანიზმების გაძლიერებას თავისი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ამაღლების კუთხითაც:

“აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიტიური პოლიტიკა დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკმაოდ სუსტია, რამეთუ მხოლოდ მექანიზმები, სასამართლო დავები, ცხადია, ამ პრობლემას არ დააზღვევს. მეტიც, ძალიან ხშირად მათ რიტორიკაში გვხვდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური სენტიმენტები, მკვეთრად არასეკულარული დამოკიდებულებები, რომელიც თანასწორობის მდგომარეობას აზიანებს. მით უმეტეს, როცა საზოგადოებაში ამდენი გამოწვევა გვაქვს, იქნება ეს ბოლო პერიოდში გაძლიერებული ულტრაკონსერვატიული ჯგუფები და მათი რადიკალიზება საჯარო სივრცეში, თუ ჰომოფობიის ძალიან მაღალი დონე. ამ გამოწვევების ფონზე მთავრობას ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც სწორედ განწყობების დონეზე იქნებოდა ორიენტირებული, არ გააჩნია”,- ამბობს მიქელაძე

მკვლევრები რამდენიმე საკითხს გამოყოფენ, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში პრობლემურად რჩება. პირველი საკითხი, რაც მკვლევრებმა გამოყვეს, არის ის, რომ საქართველოში კანონი არ ითვალისწინებს დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმას, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა აღიარებული და პრაქტიკაში ვხვდებით. მაგალითად, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ უარი გონივრულ მისადაგებაზე უნდა იყოს აღიარებული, როგორც დისკრიმინაციის ფორმა. მით უფრო საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, რომლის თანახმად, გონივრულ მისადაგებაზე უარი აღიარებულია დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად.

„გონივრული მისადაგება“ გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტირების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.

ასევე პრობლემურია კიდევ ერთი ჩანაწერი, “მითითება დისკრიმინაციაზე”, რომელიც კანონით აკრძალულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი კრძალავს, სხვა ადამიანს მიმართო, დისკრიმინაციული მიდგომები გამოიყენოს მესამე პირის მიმართ. როგორც საჯარო სამართლის იურისტი ეთო გვრიტიშვილი განმარტავს, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მიმთითებლისგან შემსრულებლის დაცვის შესაძლებლობას. რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა სავარაუდო შემსრულებელი უარს აცხადებს მითითების შესრულებაზე.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს შევიწროება და სექსუალური შევიწროება, რომელიც განსაზღვრული არ არის ანტიდისკრიმინაციული კანონით. ის შრომითი კანონმდებლობით და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობითაა განსაზღვრული და მხოლოდ სამუშაო ადგილზე შევიწროებას და სექსუალურ შევიწროებას მიემართება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურ აღსრულებას უშლის ხელს, არის ის, რომ სახალხო დამცველს მხოლოდ საჯარო დაწესებულებისგან შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია და მტკიცებულებები. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ვალდებულება კერძო პირების შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს.

“ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველს ეფექტური მუშაობისთვის, არის შემჭიდროებული ვადები, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვის ვადას 3 თვეს აწესებს, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ვერ ასწრებს ამ შემჭიდროებულ ვადაში საქმის განხილვას და შესაბამისი რეკომენდაციის ან ზოგადი წინადადების გაცემას”,- ამბობს ეთო გვრიტიშვილი.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძეც მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. 2015 წელს მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ პროცედურულ საკითხებს ეხებოდა, მაგრამ ეს კანონპროექტი პლენარულ კენჭისყრაზე ვერ გავიდა, მითუ მეტეს, მაშინ, როცა საკომიტეტო მოსმენებზე მოწონება დაიმსახურა. კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველი ითხოვს, ეს ვადა ერთ წლამდე გაიზარდოს. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აპარატის წარმომადგენელი ქეთი კრაწაშვილი. მისი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში ამ კანონპროექტს არ ჰქონდა დეპუტატების მხარდაჭერა.

“წინა მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მაქვს, მიმღებლობა არ იყო მაინცდამაინც ხელსაყრელი. კვორუმი რეალურად არ არსებობდა. უნდა ჩავარდნილიყო საკანონმდებლო ცვლილებები”,- განაცხადა მან და დაამატა, რომ 2017 წლის საშემოდგომო სესიაზეც არ აქვთ იმის იმედი, რომ ამ კანონპროექტის ბედი გადაწყდება, ეს უფრო 2018 წლის პერსპექტივაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი