ახალი ამბები

შრომის ინსპექცია: ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების არაერთი პირობა იყო დარღვეული

26 ივლისი, 2017 • 3650
შრომის ინსპექცია: ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების არაერთი პირობა იყო დარღვეული

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორები იმ სამშენებლო ობიექტის დათვალიერების შემდეგ, სადაც დღეს 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა, აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების არაერთი პირობა იყო დარღვეული. მუშებს კი ისეთი სამუშაოს შესრულება უწევდათ ხელით, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების სამსახურის ხემძღვანელის, ელზა ჯგერნაიას განცხადებით, სამსენებლო კომპანია “როიალ გრუპს” სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული ჰყავდა შპს, რომელიც აწარმოებდა დემონტაჟს წესების დარღვევით.

“გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომელსაც ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტი. კონკრეტული სტანდარტია დარღვეული, რომელიც საჭიროა სადემონტაჟო საქმის შესასრულებლად, მუშახელი იქნება ეს თუ ტექნიკური პერსონალი – მათ ეს საქმე უნდა შეასრულონ არა ხელით, კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ტექნიკით, რომელიც დასანგრევი კედლიდან მისი სიმაღლის პროპორციული მანძილით იქნება დაშორებული. პირველი მოკვლევით, სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს ნორმები დარღვეულია და ამიტომაც მოყვნენ მუშები ნანგრევებში.”

შრომის ინსპექტორები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ისინი დაშავებულების კლინიკაში მონახულებას გეგმვენ.

ჯგერნაიას თქმით, პასუხისმგებლობა შრომით პირობებზე რამდენიმე უწყებას შორის ნაწილდება. შრომითი უსაფრთხოება ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, ხოლო სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოება- მერიის ზედამხედველობის სამსახურის. ასევე დაწყებულია გამოძიება. მისი თქმით, შესაბამისი სანქციები ყველა მხრიდან დაუწესდება კომპანიას.

“იქნება მკაცრი ზომები გატარებული,” – აცხადებს ჯგერნაია.

ელზა ჯგერენაია შემთხვევის ადგილზე, სადაც მუშა დაიღუპა. 26.07.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

დღეს დილით თბილისში, წერეთლის #37/35-ში სახლის დემონტაჟის დროს 5 მუშა ნანგრევებში მოჰყვა. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, 1 მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 3 მათგანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის ცნობით, დემონტაჟს აწარმოებდა სამშენებლო კომპანია “როიალ გრუპი”, რომელსაც უსაფეთხოების პირობების დაცვის აუცილებლობის შესახებ ბოლოს ორშაბათს გააფრთხილა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. პროექტის თანახმად, “როიალ გრუპი” ამ ადგილას 33-სართულიანი ცათამბრჯენის “დიდუბე თაუერის” აშენებას გეგმავს. კომპანიაში ამ დრომდე არ პასუხობენ ზარებს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ უკვე დაიწყეს მომხდარზე გამოძიება. საქმე სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა.

იმ შენობის ნანგრევი, რომლის ჩამოშლის შედეგადაც დღეს მუშა გარდაიცვალა 26.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

იმ შენობის ნანგრევი, რომლის ჩამოშლის შედეგადაც დღეს მუშა გარდაიცვალა 26.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი