“შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობის” შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, შრომის ინსპექცია დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს. აღნიშნული კვლევა „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩაატარა და დღეს, 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.
კვლევაში შეფასებულია საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, გაანალიზებულია შრომის ინსპექციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა, როგორც პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით, ასევე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად.
ანგარიშის თანახმად, კვლევის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები:
- ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას;
- გამოიკვეთა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს, ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს თავად დაზარალებულის ან/და მისი ოჯახის წევრებისთვის;
- ინსპექციამ არ გასცა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯების, ინსპექციის საკუთრებაში არსებული მანქანების სიასა და საწვავის მოხმარების აღრიცხვის შესახებ მონაცემებს;
- შრომის ინსპექციის სამსახურის ბიუჯეტი, სახელმწიფო შესყიდვებსა და ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზე არ არის წარმოდგენილი;
“შრომის ინსპექციის სამსახური გადამწყვეტ როლს ასრულებს შრომის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებასა და მშრომელთა უფლებების დაცვაში. მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია სათანადო საზოგადოებრივი ზედამხედველობისთვის – კერძოდ, უწყების ეფექტურობის შესაფასებლად, სამუშაო ადგილის პირობების დამოუკიდებლად მონიტორინგისთვის და არსებული ტენდენციებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის”, — განმარტავენ კვლევის ავტორები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევაში მოცემულია რეკომენდაციები, კერძოდ:
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ:
- აუცილებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შრომის ინსპექციის სამსახურის დროულად რეაგირება და დაინტერესებული პირებისათვის ინსპექტირების მასალების დაუბრკოლებლად მიწოდება. ცალკეულ შემთხვევაში, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ინსპექტირების მასალების დროულად წარმოდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, საწარმოო უბედური შემთხვევების დროს).
- მნიშნელოვანია, საჯარო ინფორმაციის გაცემის დაყოვნების თავიდან ასაცილებლად შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმები ინსპექტირების მასალების დროულად დამუშავებისთვის.
პროაქტიული ზომები ინფორმაციის მიწოდებისთვის:
- მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნება.
- მნიშვნელოვანია, სამსახურმა ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდის თემატურ ბლოკში, ხელი შეუწყოს მასზე გამარტივებულ წვდომას და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოძიებას.
- შრომის ინსპექციის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდეს დეტალური ინფორმაცია ინსპექტირების განხორციელების საფუძვლების, შედეგებისა და დასკვნების თაობაზე.
- მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშში მკაფიოდ გაიმიჯნოს პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე სპეციფიკურ დარგებს/ რეგულაციებსა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებზე ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებულ შემოწმებათა რაოდენობა.
საზოგადოებასთან ურთიერთობა:
- აუცილებელია, სამსახურმა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად, მათ შორის ვებგვერდზე დეტალური ინფორმაციის (გზამკვლევის) გამოქვეყნებით, სადაც მოცემული იქნება, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულს მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, ასევე, როგორია დარღვევის თაობაზე შეტყობინების წესი და პროცედურა. ეს ინფორმაცია ცხადად უნდა მიუთითებდეს, რომ იმ დასაქმებულების ვინაობა, რომლებიც აცხადებენ დარღვევების შესახებ, რჩება კონფიდენციალური.
- მიზანშეწონილია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად.