ახალი ამბები

“დაგვპირდნენ სწრაფ რეაგირებას” — ოპერის გაფიცული თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

29 ნოემბერი, 2023 • 1093
“დაგვპირდნენ სწრაფ რეაგირებას” — ოპერის გაფიცული თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გაფიცვიდან 27-ე დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და, როგორც თავად ამბობენ, მიიღეს პირობა, რომ უწყებას სწრაფი რეაგირება ექნება.

“ჩვენი ძირითადი თხოვნა იყო, რომ სწრაფად ემოქმედათ. გვითხრეს, რადგან გაფიცვაა, თავისთავად პრიორიტეტულია, უბრალოდ, ცოტა დრო დაგვჭირდებაო”, — უთხრა ნეტგაზეთს ნიკოლოზ წიქარიძემ, “განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” თავმჯდომარემ.

სწორედ წიქარიძე შეხვდა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს, პროფკავშირის იურისტ დავით ომსარაძესა და ორ გაფიცულ თანამშრომელთან — მერაბ ფაილოძესა და ანდრო ოგანეზოვთან — ერთად.

ინსპექციას მათ ჯერ კიდევ 8 ნოემბერს მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ ჰქონდათ მიღებული. მიმართვიდან სამი კვირის შემდეგ, დღეს, 29 ნოემბერს, გაფიცულებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობიდან შრომის ინსპექციასთან გადმოინაცვლეს. ისინი მთავარ ინსპექტორთან, ბექა ფერაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან საათ-ნახევარში პროტესტის 4 მონაწილეს ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალება მისცეს.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ რეაგირების ვალდებულება განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში აქვთ. უწყება კონკრეტულ ვადებზე არც ახლა საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ინსპექტირებას განსაზღვრული ვადაში ჩაატარებს.

“ისედაც ვალდებულია ინსპექცია, რომ საჩივრის შემთხვევაში ინსპექტირება ჩაატაროს. შეხვედრაზე დაუდასტურა უწყების წარმომადგენელმა, რომ ეს კონკრეტული საქმე პრიორიტეტია”, – უთხრეს ნეტგაზეთს შორმის ინსპექციაში.

ამ ეტაპზე გაფიცულია ოპერის 20-ზე მეტი თანამშრომელი. ისინი ამბობენ, რომ პირველ დღეებში უფრო მეტნი იყვნენ, თუმცა რამდენიმე ადამიანი სამუშაოს დაუბრუნდა. გაფიცულები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ადმინისტრაციის მხრიდან ირიბი ზეწოლა გახდა.

გაფიცულები ტექნიკური პერსონალი ხელფასების 100%-ით ზრდას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გათავისუფლებული ორივე თანამშრომელი გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. ნოემბრის დასაწყისში მათგან ერთს ადმინისტრაციამ უთხრა, რომ გამოსაცდელი ვადა გაიარა და ოფიციალურად აიყვანდნენ. იმავე დღეს, გაფიცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ნოემბერში ოპერისა და ბალეტის თეატრში მხოლოდ ერთი ბალეტი, ლუდვიგ მინკუსის “ბაიადერა” დაიდგა. გაფიცულები ამბობენ, რომ ამისთვის ყველა ტექნიკური აღჭურვილობა გაფიცვამდე თავად მოამზადეს, თუმცა არ იციან, როგორ უნდა მოხერხდეს დეკემბერში დაგეგმილი “დაისის”, “კარმენისა” და “მაკნატუნას” ჩვენება. მათი ინფორმაციით, სცენის კონსტრუქციების, რეკვიზიტების, განათებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ადმინისტრაცია სხვა თანამშრომლებს სთხოვს, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ. გაფიცულები შიშობენ, რომ თუ წარმოდგენებისთვის მოსამზადებელ ტექნიკურ სამუშაოებს – “30 ადამიანის გასაკეთებელ საქმეს 3 ადამიანს გააკეთებინებენ”, შესაძლოა საფრთხე შეექმნას როგორც თეატრების მიმდინარეობას, ისე მსახიობთა ჯანმრთელობას.

მერაბ ფაილოძე, ოპერის გაფიცული თანამშრომელი

ადამიანები, რომლებსაც ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე ათეული წელი აქვთ გატარებული ამბობენ, რომ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება არ ახსოვთ.

“მახსოვს ძალიან ცუდი პერიოდი ოპერაში – ყინვაშიც მიმუშავია, სიცივეში, მაგრამ ყველაფერი იყო კარგად. ახლა შრომა ძალიან დაიტვირთა – ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ვმუშაობთ. ვაწყობთ სცენას ისე, რომ მოცეკვავე იქნება, ბალერინა, ბალერონი თუ ოპერის მომღერალი, მათი სიცოცხლეც დაზღვეული იყოს. პირველ რიგში ჩვენ დავძვრებით მაღლა – რამე არ ჩამოვარდეს, ვინმეს არ დაეცეს, ვამოწმებთ ყველაფერს. ახლა ვინ გააკეთებს ამას, ვინ იქნება პასუხისმგებელი, არ ვიცი”, – ამბობს მერაბ ფაილოძე, რომელიც ოპერაში უკვე 25 წელია მუშაობს.

გაფიცულების თქმით, პირად საუბრებში მათ სოლიდარობას უცხადებენ ოპერის სხვა თანამშრომლები, მათ შორის, მომღერლები და მოცეკვავეები.

“თვითონ მსახიობებსაც და მოცეკვავეებსაც ეშინიათ სპექტაკლის ჩატარების. გვეუბნებიან, უთქვენოდ გვეშინია, არ ვართ დაზღვეულები არაფრისგანო. მოდიან, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო, მაგრამ რატომღაც ნაბიჯს ვერ დგამენ. კი, მჯერა, რომ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ფაქტითაც ხომ შეიძლება დამანახო. სამომავლოდ შენთვისაც კარგი იქნება ეს”, – ამბობს მერაბ ფაილოძე.

გაფიცული თანამშრომლების თვიური ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. 1000 ლარზე მეტს იღებდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც ორ ცვლაში, დღეში 10 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადმინისტრაცია მათ იანვრიდან ხელფასების 40%-ით მატებას დაჰპირდა, თუმცა გაფიცულები ზეპირად გაცემულ პირობას არ ენდობიან და სურთ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან განიხილონ.

თითქმის ერთთვიანი გაფიცვის განმავლობაში ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთხელ, 14 ნოემბერს შეხვდნენ. “შეხვედრა შეხვედრისთვის” – ასე შეაფასეს მათ ეს შეხვედრა და თქვეს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მხოლოდ ჩაინიშნეს მათი მოთხოვნები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გადასაცემად.

გაფიცული თანამშრომლები შაბათს, 2 დეკემბერს, 18:30 საათზე, ოპერა “დაისის” დროს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან იკრიბებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას. “ადამიანები, რომლებიც “დაისის” სანახავად ოპერაში მივლენ, უნდა იცოდნენ, როგორ ექცევა ადმინისტრაცია თანამშრომლებს” ,- ამბობენ გაფიცულები.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი