ახალი ამბები

ოთარ კახიძე რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა

24 ივლისი, 2017 • 3391
ოთარ კახიძე რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა

პარლამენტარი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ  23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი აირაღი თან ჰქონდა.

ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ლეგალურად ფლობს “გლოკ 19”-ს და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

“ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით”, – დაწერა მან ფეისბუჯის საკუთარ გვერდზე.

პარლამენტარს “ნეტგაზეთი” ვერ დაუკავშირდა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით აქციაზე. ფოტო: კადრი პალიტრაTV-ს ვიდეოდან

ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით აქციაზე. ფოტო: კადრი პალიტრაTV-ს ვიდეოდან

შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის წარმომადგენლის, ვალდებულება იყო აღმოეფხვრათ ეს დარღვევა. ამ შემთხვევაში ან ოთარ კახიძეს უნდა დაეტოვებინა მანიფესტაცია, ან ცეცხლსასროლი იარაღი გაერიდებინათ აქციის ადგილიდან.

იურისტი მიუთითებს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მეორე ნაწილზე, სადაც ვკითხულობთ:

“დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს  ყველა გონივრულ ქმედებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი