ახალი ამბები

ევსაქები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში გატანის აკრძალვას ითხოვენ

6 აპრილი, 2022 • 2139
ევსაქები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში გატანის აკრძალვას ითხოვენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლებამ კანონით უნდა აკრძალოს საქართველოდან რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა.

კახიძის თქმით, თუ ამის შეტანა რუსეთში აკრძალული არაა, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ეს საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად: არსებობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, სამხედრო და თან, სამოქალაქო მოწყობილობები, ჩიპები, სხვადასხვა დანადგარი და საქონელი, რომლის შეტანაც რუსეთში აკრძალულია, მაგრამ საქართველოში შემოტანა აკრძალული არ არის იმიტომ, რომ საქართველო არ არის სანქცირებული ქვეყანა.

რაც შეეხება ამ პროდუქციის საქართველოდან რუსეთში რეექსპორტს, საქართველოს ხელისუფლებას ეს აკრძალული არ აქვს. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში შეტანა აკრძალული არ გვაქვს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ეს საქონელი აღმოჩნდეს რუსეთის ტერიტორიაზე“, — განაცხადა კახიძემ.

ორმაგი დანიშნულების პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია) არის პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე, როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის.

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვების მიღება შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი