ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, საქართველოს ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას. ეს განცხადება კახიძემ გააკეთა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციების კომენტირებისას.
კახიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდულად და სამარცხვინოდ მოჩანს “ქართული ოცნების” “ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით”.
მისივე თქმით, ზოგადად, არცერთი ქართული პარტიის საქმე არ არის, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავს უკრაინა, რომელიც საქართველოს პარტნიორია.
“მინდა, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვუსურვო წარმატება, როგორც რეფორმების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – თქვა კახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.
ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.