ახალი ამბები

გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – გახარია ოპოზიციას

27 მაისი, 2020 • 2120
გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – გახარია ოპოზიციას

“IMF-ის მონაცემებით, ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მშპ-სთან შედარებით საქართველო არის მეორე ადგილზე. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორე ადგილზე არის საქართველო”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

მანამდე “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რომელ რეიტინგს ეყრდნობა საქართველოს მთავრობა, როდესაც აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით ლიდერობს.

მაკროეკონომიკაში კონსულტაციების გავლა ურჩია გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს, რომელმაც საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების დაბრუნების ინიციატივაზე ისაუბრა.

“საპენსიო ფონდთან დაკავშირებით მიპასუხეთ, რომ კრიზისში მთავრობა ხარჯვას ვერ დაიწყებსო და ხარჯვას ვინ გთხოვთ? “ევროპული საქართველოს” ინიციატივაა, რომ ფული დაუბრუნოთ იმას, ვისაც გამოართვით და არა დახარჯოთ და გაუნაწილოთ სხვებს. [ლარის] გაუფასურება ფაქტორი არ არისო… 350 დოლარი რომ იყო შარშან და წელს რომ 300 გახდა, ინფლაცია და მსყიდველუნარიანობა არ არის ფაქტორები?”, – განაცხადა კახიძემ.

“ბატონო ოთარ, მე თქვენ გიცნობთ, როგორც კარგ იურისტს. მაკროეკონომიკაში ვინმესთან კონსულტაციები გაიარეთ. რეებს მელაპარაკებით, ზღაპრებს მიყვებით, მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებით… ცოტა სერიოზულად მოიქეცით, რა”, – აღნიშნა საპასუხოდ გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი