ახალი ამბები

დეპუტატები ევროპულ ქარტიაზე პატრიარქის განცხადების თაობაზე

2 აპრილი, 2013 • • 986
დეპუტატები ევროპულ ქარტიაზე პატრიარქის განცხადების თაობაზე

როგორც საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, ქარტიის რატიფიცირება ნაჩქარევად არ უნდა განხორციელდეს და მანამდე მთლი რიგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ თემა უადგილოდ წამოწეულია:

 

“გარკვეულად მართლაც იმ რეგიონებში, რომელ რეგიონებზეცაა ლაპარაკი, იქ დასაცავად უფრო ქართული ენა არის, ვიდრე ადგილობრივი ენები. ძირითადად სამცხე-ჯავახეთს ეხება ეს”. 

 

ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის განცხადება, რომელიც წინააღმდეგია პარლამენტის მიერ ქარტიის რატიფიცირების, ვიდრე ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მოგვარდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა არ არის. 

 

უმრავლესობის კიდევ ერთ წევრი ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ვალდებულებები უნდა შეასრულოს:

 

“მე მგონი, თუ ჩვენ გვინდა ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და მათთან ინტეგრირებული ყოფნა, მე მგონია, რომ უნდა მოვახდინოთ და არა მგონია, რომ ძალიან საშიში იყოს, თუმცაღა გასათვალისწინებელია, ცხადია, პატრიარქის ეს განცხადება”.

 

იმერლიშვილის მტკიცებით, პატრიარქის ეს განცხადება რჩევაა:

 

“პატრიარქს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ქვეყანაში და პატრიარქი უბრალოდ რჩევის სახით თავის მრევლთან წარსდგებოდა და ეს არ არის ჩარევა. ასე პირდაპირი მე არ მახსოვს პატრიარქისგან არც ერთხელ, არც  წინა ხელისუფლების პერიდში და არც ახლა, ასე პირდაპირ ჩარეულიყოს”.

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, პატრიარქის პოზიცია მისასალმებელია:

 

“პატრიარქი კარგად გრძნობს იმ რეალობას და იმ ვითარებას, თუ რაც ხდება ქვეყანაში, რეგიონებში, თავიანთი სასულიერო პირების წარმომადგენლობით და ა.შ. იმიტომ, რომ მათ რეალური ინფორმაცია აქვთ ხალხთან ურთიერთობიდან გამომდინარე. მათი მოსაზრებები და მათი პოზიციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, არის თუ არა მსგავსი ტიპის განცხადება სახელმწიფოს საქმიანობაში ჩარევა. თუმცა, როგორც რამდენიმე მათგანი განმარტავს, საპატრიარქო ყოველდღიურ პოლიტიკურ მოვლენებს უნდა გაემიჯნოს.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის აზრით, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა წმინდათაწმინდა მოვალეობაა:

 

“ამგვარი საკითხები მოითხოვს გაცილებით კომპლექსურ და ფრთხილ მიდგომას და რატიფიცირების შემთხვევაში უნდა იყოს გათვლილი, თუ რა შედეგები მოყვება ამას ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მრავლად ცხოვრობენ და ხომ არ წარმოშობს სეპარატისტულ საშიშროებებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.”

 

თევდორაძეს მიაჩნია, რომ ილია მეორეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ჩარევის მორალური უფლება აქვს.

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რატიფიცირების გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა იქნას მიღებული:

 

“მე არ მიმაჩნია, როგორც პოლიტიკოსს, რომ სწორი იყოს ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რას ბრძანებს პატრიარქი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერი ლიდერის, ალბათ ყოველი მოქალაქისთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია”.

 

ნუგზარ წიკლაურის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ვალდებულებების შესრულება:

 

“პირველი პრინციპი არის ქართული ენის დაცვა, სახელმწიფო ენის დაცვა, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ამ ენის სწავლების უზრუნველყოფა, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო შემდეგ, ესეც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, შემდეგ არის საუბარი ნებისმიერ ევროპულ ქარტიაზე, რომელთა მიერთების ვალდებულება ჩვენ გვაქვს.” 

 

წიკლაური აცხადებს, რომ პატივს ცემს ეკლესიის პოზიციას:

 

“ეკლესიას  თავისთავად აქვს თავისი პოზიცია, მე პატივს ვცემ ამ პოზიციას და მას აქვს ამ პოზიციის გამოთქმის უფლებაც, რა თქმა უნდა. თუ ზოგადად გინდათ  კითხვაზე პასუხი, ზოგადად მიმაჩნია, რომ ეკლესია არის ის ინსტიტუცია, რომელიც ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა იყოს ჩართული და მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ასეც მოქმედებენ ჩვენი ღვთისმსახურები.” 

 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ევროპის ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია. აღნიშნული ქარტიის რატიფიცირების შედეგად პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.

 

“განახლდა მსჯელობა რეგიონული და უცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი, უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მოგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელია”– პატრიარქის აღნიშნული განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაახმოვანა.

 

31 მარტს ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო  ჰელსინკში გაემგზავრა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განცხადება ჟურნალისტებს აეროპორტში გააცნო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი