ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, აფგან მუხთარლი დაზარალებულად ცნოს

5 ივლისი, 2017 • 1621
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, აფგან მუხთარლი დაზარალებულად ცნოს

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობისა და მის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიების შესახებ წინადადებით მიმართა.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა დღეს, 5 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურაში გაგზავნილი წერილი 3 ივლისით თარიღდება. ამ დროის განმავლობაში, მათი თქმით, პროკურატურიდან რაიმე პასუხი არ მიუღიათ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. მას აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისიდან ქართველმა ძალოვნებმა გაიტაცეს. შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა 1 თვეზე მეტია, გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ცნობილი არ არის.

“აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამიუკიდებლობის ხარისხს,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურიდან გამოითხოვეს ინფორმაცია და დანიშნეს ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით. საქმე ეხება კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კამერის ჩანაწერებს, სადაც, სავარაუდოდ, შეცვლილია კადრები დროის იმ მონაკვეთში, როდესაც იმ ტერიტორიაზე  აფგან მუხთარლის უნდა გამოევლო.

უჩა ნანუაშვილი მიმართავს აზერბაიჯანის სახალხო დამცველსაც, ჩაერთოს აფგან მუხთარლის საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი