ახალი ამბები

საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა ჩატარდება – ქუცნაშვილი

3 ივლისი, 2017 • 6586
საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა ჩატარდება – ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა ჩატარდება. როგორც ქუცნაშვილმა “კვირის” პრესკლუბში განაცხადა, ეს ასამბლეა საქართველოში პირველად ტარდება.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კარგი ამბავი გითხრათ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. “რომში, მარადიულ ქალაქში რამდენიმე დღის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2019 წელს გაიმართება მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ევროპული რელიგიის, მართლამდიდებლობის ღირებულებების  პროპაგანდირებით მთელ მსოფლიოში. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში 25 ქვეყნააა გაერთიანებული ევროპის აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტებიდან”, – თქვა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია, რომლის საპარლამენტო ასამბლეაც საქართველოში ჩატარდება, 24 წელია არსებობს.

“პირველი, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. მეორე, გაზრდის რელიგიური ტურიზმისადმი ინტერესს და ამ თვალსაზრისით საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა. ჩვენთან უამრავი მონასტერი და ეკლესიაა. და მესამე, ეს არის დამატებითი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, არის მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსკოვის პატრიარქმა კირილმა არ აღიარა [ოკუპირებული] რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა. მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა გვაქვს  მეორე სამწუხარო პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მედვედევ/პუტინის სახით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ [უნდა] გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი საერო ხელისუფლებასთან მიმართებაშიც იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმივმოქმედ დელეგაციაში რამდენიმედეპუტატიანი შემადგენლობა ჰყავს, თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი