ახალი ამბები

თურნავა ქუცნაშვილს აქებს და ამბობს, რომ თბოსადგურისთვის კარგი კადრია

11 თებერვალი, 2020 • 893
თურნავა ქუცნაშვილს აქებს და ამბობს, რომ თბოსადგურისთვის კარგი კადრია

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის პოსტისთვის კარგი კანდიდატია და დასძენს, რომ მისი გამოცდილება სადგურის მენეჯმენტს მომავალში აუცილებლად გამოადგება.

ქუცნაშვილი ცოტა ხნის წინ გარდაბნის სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

„ბატონი ზაქარია არის გამოცდილი იურისტი, ის აღარ არის საჯარო მოხელე, ის წამოვიდა პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

გარდაბნის თბოელექტროსადგური ეს არის საწარმო, რომელიც არის გარკვეულ რეგულაციაში მოქცული, მას  სემეკი არეგულირებს.  მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად წარიმართება შიგნით იურიდიული რეგულაციები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ წაადგება გარდაბნის თბოსადგურის მენეჯმენტს ბატონი ზაქარიას გამოცდილება“, – ამბობს თურნავა და მოუწდებს ჟურნალისტებს, ქუცნაშვილს თავისი პროფესიით მუშაობის საშუალება მისცენ.

შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილის კი –  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ „საპარტიორო ფონდია“.

რაც შეეხება თავად ქუცნაშვილს, ნეტგაზეთს სურდა მისთვის დაესვა კითხვები ახალ სამსახურთან და ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით. თუმცა მან გვითხრა, რომ რადგან აღარ არის დეპუტატი, ვალდებული არაა, რაიმე განმარტოს.

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი