ზაქარია ქუცნაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პარლამენტში პარტიული სიით ოთარ ჩდრილელის ადგილმონაცვლედ დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
ყოფილი დეპუტატის თქმით, უსამართლობად მიაჩნია მაჟორიტარი დეპუტატის მიერ, რომელმაც მანდატზე უარი თქვა, პარტიული სიის რიგითობით საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნება და აცხადებს, რომ არ სურს მსგავსი პრეცედენტის დაშვებით მახინჯ ტრადიციას მიეცეს დასაბამი:
“შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას, განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს, თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას – სამართლიანად არ მიმაჩნია! პრეცედენტის დაშვებით არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი.
ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის ჯერადობა არჩევნებში გამარჯვების ჯერადი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე”, – წერს ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და, შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან, რომლის წევრიც იყო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. სერგეი გავრილოვმა ასამბლეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გახსნა. ამ სცენას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა „სირცხვილიას“ სახელით.
იმ საღამოს, 20 ივნისს, დემონსტრანტების დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა.