ახალი ამბები

ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

11 თებერვალი, 2020 •
ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მან თავად დაუდასტურა.

ნეტგაზეთს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ დაუდასტურა, რომ ქუცნაშვილი დირექტორის მოადგილის პოსტს  „შპს გარდაბნის თბოსადგურში“ დაიკავებს.

შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილის კი –  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ „საპარტიორო ფონდია“.

რაც შეეხება თავად ქუცნაშვილს, ნეტგაზეთს სურდა მისთვის დაესვა კითხვები ახალ სამსახურთან და ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით. თუმცა მან გვითხრა, რომ რადგან აღარ არის დეპუტატი, ვალდებული არაა, რაიმე განმარტოს.

როგორც ცნობილია, ანალოგიური პასუხი გასცა ტვ პირველს “ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, რომელიც ასევე სახელმწიფოს კომპანიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა მას შემდეგ, რაც დეპუტატის მანდატი დატოვა.

“მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ, რომ საჯარო პირი არა ვარ”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა


ზაქარია ქუცნაშვილმა 2019 წლის ზაფხულში პარლამენტი დატოვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ვიზიტთან, რომლებიც მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელძი იჯდა.

გავრილოვის ვიზიტი მრავალათასიან მიტინგზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა. საპროტესტო აქცია გვიან ღამით პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ასევე პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიებიც რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი