ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერთთვიანი დუმილი ჟურნალისტის გატაცებაზე – სამხრეთ კავკასია ივნისში

3 ივლისი, 2017 • 3691
ერთთვიანი დუმილი ჟურნალისტის გატაცებაზე – სამხრეთ კავკასია ივნისში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან ბაქოში გატაცების საქმე და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაძლიერებული დევნა  კვლავ განსაკუთრებულად საინტერესოა საერთაშორისო მედიისა და ორგანიზაციებისათვის სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს შორის; კვლევითი ორგანიზაციები კი ნელ-ნელა იმის შესახებ საუბარს იწყენებენ, რომ  მასშტაბური პოლიტიკური პროცესების გათვალისინებით, “დასავლეთისათვის” რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობამ შესაძლოა იკლოს.

[red_box]მუხთარლის “გატაცების” გამოუძიებელი საქმე[/red_box]

29 ივნისს ერთი თვე შესრულდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან სავარაუდო გატაცებიდან, თუმცა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს ჯერაც არ გაუმხელიათ საზოგადოებისათვის ამ საქმის დეტალები. ეს საქართველოს, რომელიც წლების განმავლობაში მეზობელი ქვეყნებიდან დევნილებისათვის საიმედო თავშესაფრად ყალიბდებოდა, რეპუტაციას ულახავს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ოფიციალური უწყებების განუწყვეტელი წნეხის ქვეშ ტოვებს.

მაგალითად, “ჰიუმენ რაიტს უოტჩი” (HRWამ ორი ქვეყნის ხელისუფლებას მუხთარლის საქმეში თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს . უფლებადამცველი ორგანიზაცია აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი, რათა მან თბილისში ოჯახთან დაბრუნება მოახერხოს, საქართველოს კი- ჩაატაროს გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიება და შესაბამისად დასაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება საქმეში, მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ ოფიციალური პოზიციისა.

ევროპარლამენტმა, რომელიც მედიისაგან განსხვაებით, პირდაპირ იყენებს ტერმინ “გატაცებას”, 15 ივნისს მიიღო რეზოლუცია აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით, რითაც მკაცრად გმობს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ “თვითნებურ დაკავებას” ბაქოში.

ევროპარლამენტმა არ დაივიწყა არც სხვა პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის გამო სხვადასხვა ბრალდებით ოფიციალურად იხდიან სასჯელს, და მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება ყველას, ვინც ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამოა დაპატიმრებული.

[red_box]ალიევის ძეგლზე გრაფიტის ავტორი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა[/red_box]

ერთ-ერთ ასეთ პატიმრად მიიჩნევა აქტივისტი ბაირამ მამადოვი – იგი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20 ივნისის გადაწყვეტილებით. მამადოვს, რომელიც 2016 წლის 10 მაისს დააკავეს ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტის დატოვების შემდეგ ქიას იბრაჰიმოვთან ერთად. დიდი რაოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა დააბრალეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მამადოვმა ამის შემდეგ რამდენიმე დღე იშიმშილა საპატიმროში არსებული პირობების გამო (იგი ამბობს, რომ არაადამიანურ პირობებში უწევს პატიმრობის გატარება), სანამ პირობა არ მიიღო ციხის ადმინისტრაციისაგან, რომ სხვა საკანში გადაიყვანდნენ.

ამას გარდა, 21 ივნისს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა  დააკავეს რადიო თავისუფალი ევროპის ყოფილი პროდიუსერი, ფრილანსერი რეპორტიორი კამრან მაჰუმდოვი.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, ნიჟატ ამირასლანოვი, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ციხეში აწამეს, რის შედეგადაც მან კბილები დაკარგა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ გაუთავისუფლებია დამოუკიდებელი რეპორტიორი.

[red_box]რუსეთის იარაღი აზერბაიჯანს ყარაბაღისათვის და სომხეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია[/red_box]

ივნისში აზერბაიჯანმა რუსული წარმოების უახლესი შეიარაღების მსხვილი პარტია მიიღო საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში”. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ იარაღის ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით სომხური მხარის პროტესტი გამოიწვია.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ყარაბაღის კონფლიქტში 20 წელზე მეტია დაპირისპირებული მხარეები არიან, სომხეთში უკმაყოფილებას ამწვავებს ის ფაქტი, რომ 2010 წლიდან  რუსეთმა ოფიციალურ ბაქოს დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარის იარაღი მიაწოდა.

ამის პარალელურად, სომხეთს დაწყებული აქვს ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალებისა და საზოგადოების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. თუმცა ეს ინიციატივა შეკითხვებს აჩენს საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებში.

სომხეთი უკვე არის აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად “მილიტარიზებულ” ქვეყნად, რომელიც არმიას მომეტებულ გავლენას ანიჭებს საკუთარი მომავლის ჩამოყალიბების პროცესში. გამოცემა “ევრაზიანეტი”, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს ფარავს, სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულ ინიციატივას მასთან დაკავშირებულ სხვა ნაბიჯებთან ერთად აკრიტიკებს.

[red_box]დაღუპული ჯარისკაცები ყარაბაღში[/red_box]

როგორც სამხრეთ კავკასიის ამბების წინა გამოცემაში ვწერდით, მთიანი ყარაბაღის თავზე “ომის ღრუბლები” იკვრება – 17 ივნისს, როგორც “რადიო თავისუფლებამ” დაწერა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სამი ყარაბაღებლი ჯარისკაცი (სამივე 20 წლის) მოკლეს, რომლებსაც სომხეთი მფარველობდა.

ამის შემდეგ, 22 ივნისს, ევროკავშირმა მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ. თუმცა ყარაბაღში, როგორც სომხური და აზერბაიჯანული წყაროები წერენ, ყოველდღიურად ისვრიან. მხარეები ყოველდღიურად აახლებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ “რამდენჯერ გაისროლა” ამა თუ იმ მხარემ.

მოცემული რეალობა, რომელშიც, როგორც ადრე ვწერდით, აზერბაიჯანი და სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებასთან ყველაზე ახლოს არიან ბოლო 25 წლის განმავლოაში, საერთაშორისო აქტორების პოლიტიკის წარუმატებლობის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება შევაფასოთ, რასაც სჭირდება არა მათი როლის შესუსტება, არამედ გაძლიერება.

[წაიკითხეთ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინგლისურენოვან ვებსაიტზე: ‘ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია’, სადაც ავტორები ევროკავშირის სტრატეგიული ხედვის არარსებობაზე საუბრობენ და სტატუს-კვოს შეცვლის ალტერნატიული გზების დასახვას ცდილობენ]

[blue_box]როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში?[/blue_box]

ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიის მიმართ, ევროკავშირის გარდა, აშშ-ის პოლიტიკასაც აკრიტიკებენ. მაგალითად, “კარნეგის ფონდმა” გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხრეთ კავკასიაში გატარებულ პოლიტიკას მიმოიხილავს და მისი პერსპექტივების შესახებ საუბრობს. დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის ჩარევამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, თუმცა ზოგიერთი გეგმა და მოლოდინი “მესტისმეტად ამბიციური” აღმოჩნდა.

აშშ-ს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის- რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება, ე.წ გაყინული კონფლიქტების გაგრძელების პრევენცია, დემოკრატიული ცვლილებებისა და უკეთესი მმართველობის, ასევე, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთაშორისო ინტეგრაციის მხარდაჭერა.

თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, – ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების წესრიგის მოშლა, გლობალური ენერგეტიკული ბაზრის ცვლილებები, არასტაბილურობა რეგიონის სამხრეთით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ევროკავშირის შიდა ცვლილებები – საჭიროებს აშშ-ის მდგრად ჩართულობას ინტერესების გასაძლიერებლად, რათა რეგიონში ადგილი რუსეთის გავლენას არ დაუთმოს.

 


Screen Shot 2017-07-03 at 12.14.41 AMპროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის გამოცემას, რომელიც ყოველი თვის განმავლობაში საერთაშორისო მედიასა და ანალიტიკური გამოცემებში კავკასიის რეგიონზე კონცენტრირებულ საკითხებს მიმოიხილავს. 

თვალი ადევნეთ ნეტგაზეთს:

მასალების გადაბეჭდვის წესი