ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ფიქრობენ აზერბაიჯანში ქართველების პროტესტზე მუხთარლის გატაცების გამო

29 ივნისი, 2017 • 5795
რას ფიქრობენ აზერბაიჯანში ქართველების პროტესტზე მუხთარლის გატაცების გამო

პირველი აზერბაიჯანელი დისიდენტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემების გამო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი იყო. რამდენიმე წლის წინ ის თურქეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აზერბაიჯანს ოფიციალურად გადასცეს.

რაუფ მირკადიროვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას თურქეთში რეზონანსი არ მოჰყოლია. ჟურნალისტის თურქმა კოლეგებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, უბრალოდ, თვალი დახუჭეს ამაზე.

საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევაში, აზერბაიჯანის სამოქალაქო-პოლიტიკური სექტორს, შესაძლოა, ჰქონდა კიდეც ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გარკვეული რეაქციის მოლოდინი, თუმცა ეს მოლოდინი დიდი არ ყოფილა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ წინა წლებში თურქული მედიის მდუმარებას თურქეთის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის ექსტრადიციის თაობაზე გარკვეული მიბაძვის მაგალითი უნდა შეექმნა. გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლების წნეხის გამო საქართველოში გამოქცეულ აქტიურ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლება მასობრივად უარს ეუბნებოდა მათთვის ბინადრობის მოწმობების გაცემაზე, რის გამოც მათი ნაწილი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და თავშესაფარი ევროპის ქვეყანაში ეპოვა. სწორედ ამ ფაქტების გამო აზერბაიჯანის დემოკრატიული ბანაკი სრულიად დარწმუნებული იყო საქართველოს აბსოლუტურ დამოკიდებულებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე. ასევე დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ რეალობას შეგუებული იყვნენ.

მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი რეაქცია – ყოველდღიური აქციები; პროტესტი ქუჩაში, ტელევიზიაში, პარლამენტში; განცხადებები და საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხის აქტიურად მოთხოვნა, ეთქვათ, რა მოხდა სინამდვილეში- ბევრი აზერბაიჯანელისთვის მოულოდნელი და განსახილველი თემა აღმოჩნდა, ვინაიდან მსგავსი ორგანიზებული მხარდაჭერა აფგან მუხთარლის არ მიუღია  აზერბაიჯანელი კოლეგებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან.

ამ განხილვების დროს ძირითადი კითხვები იყო: რატომ ჰქონდათ ქართველ ჟურნლისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი ხისტი რეაქცია და რატომ არ მოჰყვა ხმაური ამ ფაქტს აზერბაიჯანში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თუ ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების მხრიდან?

თურგუთ ჰამბარი აზერბაიჯანული ახალგაზრდული მოძრაობის, NIDA-ს ერთ-ერთი აქტიური წევრია. ამ მოძრაობის წევრები აზერბაიჯანში ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობებისა და ქმედებების გამო არაერთხელ ყოფილან დაკავებული და დაპატიმრებული. დღესაც ზოგიერთი მათგანი ციხეშია და სხვადასხვა ბრალდებით სასჯელს იხდის. თურგუთი ნეტგაზეთთან აფგან მუხთრლის გატაცებასთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილი განგაშის შესახებ საუბრობს:   

“ამ ფაქტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარება გარკვეულწილად შეაფერხა. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმს მხარს უჭერს და არ ერიდება, მსგავსი მხადაჭერით მასთან უკანონო გარიგებაში შევიდეს.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არ მოელოდა, რომ მათი ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილე გახდებოდა. მსგავსი შეურიგებელი პოზიციით, აქციებითა და მოთხოვნებით კი საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ მათ ქვეყანაში შესაძლებელია დაწყებული საშიში პროცესი შეაჩერონ”.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოიწვია მუხთარლის გატაცების ფაქტმა პროტესტი აზერბაიჯანში, თურგუთი შემდეგნაირად ხსნის: “აზერბაჯანელ აქტივისტებსა და ჟურნალიტებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენს ნებისმიერ აქციას ახალი დაკავებების ტალღა და ციხეში წამების ფაქტები მოჰყვება”.

აზერბაიჯანელი ტელეჟურნალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით, ამჟამად მედიაექსპერტი გული მაგერამლი, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხმამაღალი პროტესტის შესახებ საუბრობს:

“ჩვენი ქართველი კოლეგები და სამოქალაქო საზოგადოება ამ მოვლენის მიმართ ვერ დარჩებოდნენ გულგრილი, რამდენადაც ეს ფაქტი მათი ქვეყნიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხოლოდ გატაცებას არ ნიშნავდა. ეს იყო იმის აშკარა ნიშანი, რომ ქვეყნის დემოკრატია საფრთხეშია”.

ამის მიუხედავად, როგორც მაგერამლი ამბობს, სიტყვისა და მედიის თავისუფლება საქართველოში მეზობელ აზერბაიჯანთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია.

“ამ ყველაფრის შემდეგ ჩემთვის ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ იმ ქვეყანაში ჟურნალისტად მუშაობა ბევრად უსაფრთხოა. ქართველი ჟურნალისტების ამ მხარდაჭერამ რაღაცნაირად დამამშვიდა. ყოველ შემთხვევაში, თუკი ჩემს საქმიანობასაც ოდესმე საფრთხე შეექმნება აზერბაიჯანში, შემიძლია საქართველოში წასვლა და მუშაობის გაგრძელება, რადგანაც დარწმუნებული ვიქნები, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ქართველი კოლეგები გვერდით დამიდგებიან, გამოვლენ ქუჩაში, ჩემს უფლებებსაც დაიცავენ და ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვენ”.

12 წელიწადზე მეტია, რაც აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერს, ალი ქერიმლის ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ალი ქერიმლი აზერბაიჯანში მიიჩნევა იმ ოპოზიციურ ლიდერად, რომელიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს. ქერიმლი ამბობს, რომ ქართული საზოგადოების რეაქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

“ ეს მხოლოდ ჟურნალისტის გატაცების ფაქტი და მისი უფლების  დარღვევა არ ყოფილა. ეს იყო ასევე დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე; ეს იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ხმამაღალი განაცხადი რეგიონში ჟანდარმის როლზე”.

აზერბაიჯანის მოქალაქეების სუსტი მხარდაჭერის მიზეზი მუხთარლის საქმეზე, როგორც ქერიმლი ამბობს, გასაგები და ნათელია:

“დემოკრატიული განვითარების თვალსაზრით საქართველო აზერბაიჯანთან შედარებით შორს წავიდა. სამწუხაროდ, დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყანათა შორისაა, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. პირადად მე, როგორც ოპოზიციის ლიდერი, 12 წელი ქვეყანას ვერ ვტოვებ. ჩემი მოადგილეები, მრჩევლები, თანაშემწეები დღესაც ციხეში არიან. ქვეყანაში 150 -ზე მეტი პოლიტპატიმარია. ჩვენი შესაძლებლობები, ჩავატაროთ აქციები, როგორც ეს საქართველოში ხდება, შეზღუდულია. დიახ, საქართველოში კიდევ არსებობს რაღაც პრობლემები დემოკრატიის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ასეთ მცირე დროში შეუძლებელია ყველაფერს ერთად მიაღწიო. რეალურად, მუხთარლის გატაცება იყო ქართული დემოკრატიის გამოცდა”.

ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს გამოცდა ქართულ საზოგადოებას ერთი წლის წინ ჩაებარებინა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს შესაბამისი ორგანოები დისიდენტებს აზერბაიჯანიდან ბინადრობის მოწმობებზე მასობრივად უარს ეუბნებოდნენ; როდესაც ემიგრაციაში მყოფი ჯამალ ალი ქართველმა მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს.  ასეთივე მწვავე რეაქციები მაშინვე რომ გაჩენილიყო ქართულ საზოგადოებაში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვეღარ გაებედა აზერბაიჯანთან  თანამშრომლობა, ქვეყანას  კი აფგან მუხთარლის გატაცება თავიდან აერიდებინა.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი