ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნიჟატ ამირასლანოვი ციხეში აწამეს

6 ივნისი, 2017 • 7133
ადვოკატის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნიჟატ ამირასლანოვი ციხეში აწამეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნიჟატ ამირასლანოვის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში აწამეს და მან შედეგად კბილები დაკარგა.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ამირასლანოვს, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, 22 მაისს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას 3 ივნისს გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა და ბრალი აღიარა.

ამირასლანოვის ინტერესების დამცველი ელცინ სადიგოვი ამბობს, რომ ბოლო ნახვისას სასამართლო დარბაზში შენიშნა, რომ დაპატიმრებულ ჟურნალისტს კბილები აღარ ჰქონდა, როცა მანამდე შეხვედრისას მსგავსი რამ არ შეუნიშნავს.

“როცა ვკითხეთ, კბილებზე რა დაემართა, მან გვითხრა, რომ რამდენიმე კბილი ამოუვარდა”,- ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, დაინახა, რომ ამირასლანოვს მოსამართლის თანაშემწე კარნახობდა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის აღიარება აიძულეს.

სადიგოვი დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი