საპატრიარქო დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ბათუმის ეპარქიის განცხადებას ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

“საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.

ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყევტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გუშნ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტემია თვითნებურად დაადო.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას, საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ ცნო ის ეკლესიამ უდააშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.

რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე.

ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს”, – ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთი ეპარქიის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com