ახალი ამბები

რა იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში

21 ივნისი, 2017 • 2205
რა იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში

გადაცემების ნაწილის შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შეძენა, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამის ზრდა, მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შესუსტება – ესაა ის მთავარი ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ “რადიო თავისუფლებასთან” შეწყვეტილი თანამშრომლობის ფარგლებში ისაუბრა, რის შედეგადაც ორი გადაცემა, “წითელი ზონა” და ინტერვიუ” დაიხურა.

“ჩვენთან გადაცემა მზადდება ორ ბლოკში. მედიაწარმოების ბლოკში გამოცხადებული იყო კონკურსი. გადაცემები ამ ბლოკში მხოლოდ და მხოლოდ მოხვდება კონკურსის წესით. და მეორე – ეს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, სადაც გადაცემები მოხვდება მხოლოდ და მხოლოდ შიდა რესურსით, ანუ თანამშრომლობა გარე სტუდიებთან, თანამშრომლობა სხვა მედაორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც იყო დადებული, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის წესით და დამზადდება შიდა რესურსით. ესაა და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს ია ანთაძე.

ცვლილებები შედის სამეურვეო საბჭოს შესახებ მუხლშიც. მოქმედ კანონში ვკითხულობთ, რომ სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; საბჭო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში, ახალ რედაქციაში საბჭოს უფლებამოსილება იგივე რჩება, თუმცა დებულებაში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, თუ ცვლილება მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებას შეეხება.

საბჭოს ასევე აღარ ექნება უფლება, შრომითი ხელშეკრულების პირობები წარადგინოს. მუხლი, რომლის თანახმადაც საბჭო “ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს,” მთლიანად ამოღებულია ახალ ინიციატივაში.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიღებულ თანხას ბოლომდე ვერ ითვისებენ. ასეთ დროს ფული ბიუჯეტში ბრუნდება, ახალი რედაქციით მაუწყებელი ითხოვს, აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში დაემატოს სახელმწიფოდან მიღებულ ახალ დაფინანსებას. მოქმედი რედაქციით აუთვისებელი თანხების შესახებ წერია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.”

იმ შემთხვევაში, თუ ახალ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი გახდება, სტარტაპები დააფინანსოს, გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი მიიღებს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.

ცვლილებების პაკეტს უარყოფითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილი ცვლილებები არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს და  ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

“შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის, როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები  საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ვგულისხმობთ მენეჯმენტის მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაცემების დახურვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური სივრცის მხოლოდ შიდა რესურსით მართვის გადაწყვეტილებას“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორი ითხოვს, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება შეჩერდეს და შეიქმნას ფართო და მონაწილეობითი სამუშაო ჯგუფი კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის.

კანონპროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა 20 ივნისს გაიმართა, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებებისთვის მხარი არ დაუჭერიათ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო განხილვები გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი