ახალი ამბები

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება არ პასუხობს საზ.მაუწყებლის გამოწვევებს – მედიაომბუდსმენი

6 ივნისი, 2023 • 788
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება არ პასუხობს საზ.მაუწყებლის გამოწვევებს – მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ გადაწყობას, საქმიანობის ნაწილის მორგებას კონკრეტული პირების ინტერესებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურულ სტრუქტურად გადაქცევას.

როგორც მედიაომბუდსმენი აცხადებს, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება ევროინტაგრაციის პროცესის მიზნებს და არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეისათვის არსებულ გამოწვევებს.

„განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ მოწყობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი ცალკეული საკანონმდებლო ნორმების შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრას, ამ ნორმათა დახვეწასა და გაუმჯობესებას. შესწავლის შედეგად, ნათელია, რომ კანონპროექტი ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ გადაწყობას, საქმიანობის ნაწილის მორგებას კონკრეტული პირების ინტერესებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურულ სტრუქტურად გადაქცევას“, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.

მედიაომბუდსმენის განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების
აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებასა და პრაქტიკას.

„ცვლილებების აღნიშული ფორმით მიღების შემთხვევაში, გაიზრდება „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილება. გავლენის ვადების გახანგრძლივება და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან კახა ბექაურთან მეგობრულ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა გააძლიერებს ტენდენციას და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს კლანურ მმართველობას საზოგადოებრივ მაუწყებლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი“, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილებები შედის. ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 22 მაისს დარეგისტრირდა.

კანონპროექტით, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ახლებურად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი