ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფინანსების წესის ცვლილებას დამოუკიდებლობის ხელყოფად აღიქვამენ

16 ნოემბერი, 2023 • 1151
საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფინანსების წესის ცვლილებას დამოუკიდებლობის ხელყოფად აღიქვამენ

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ეთანხმებიან მათი დაფინანსების წესის ცვლილებას. ისინი მიიჩევენ, რომ დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმა საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.

ამჟამად მოქმედი წესით, ბოლო წლებია, მაუწყებლის დაფინანსება ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და უკვე 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ახალი სქემით კი მაუწყებლის დაფინანსება უსასრულოდ ვერ გაიზრდება.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტში ძალიან დიდ რისკებს ხედავენ. მისი თქმით, შეიძლება, ეს რისკები მალე, უახლოეს თვეებში, დადგეს. ამის შესახებ მან 15 ნოემბერს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვილებები ისე მოამზადა, რომ ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ჩართული არ ყოფილან. მისი თქმით,  მაუწყებლის წარმომადგენლების მიზანია, ხმა მიაწვდინონ იმათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ამით პატივისცემაც გამოხატონ, „რადგან ეს დისკომუნიკაცია არ არის კარგი და არ უხდება საქმეს“. მისივე თქმით, ამ მიზნით, მათ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რაღაც გაუმაძღარი ორგანო, რომელიც ფინანსების მომატებას ითხოვს. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ამით ხდება ინსინუაცია და ამ პოლიტიკური ხერხის გამოყენება არასწორია. მე ვიტყოდი, ეს მდაბიო პოლიტიკური ხერხია, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ფული გვინდა და ამდაგვარი რაღაცები. ასეთი ცუდი შედარებებით ნებისმიერი ინსტიტუტის გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი.

ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების სქემაზე. ევროპის ყველა ქვეყანაში სქემა ერთ პრინციპზეა აწყობილი, რომ შენ ყოველწლიურად არ იყო დამოკიდებული მოლაპარაკებებსა და თათბირებზე. ეს არის უმთავრესი. დაფინანსება მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს სხვა საკითხია. ორს რომ ორზე გაამრავლებ, ოთხია და სამს რომ სამზე გაამრავლებ, ცხრა, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ შენ ზუსტად უნდა იცოდე, რას იღებ, ანუ ცვლადზე უნდა იყოს მიბმული. ასე იღებს გადაწყვეტილებას ევროპის ყველა კანონმდებელი. შენ როგორც კი მიბმული ხარ სხვა უწყებაზე, შეიძლება, იმ უწყებამ ძალიან ბევრი თანხაც მოგცეს, მაგრამ ეს ისეთივე ცუდი იქნება, როგორც ნაკლები თანხის მოცემა, რადგან ვინც თანხას იძლევა, ცხადია, სარედაქციო პოლიტიკასაც ის განმარტავს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


„ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები. მანამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრ რომან გოცირიძესაც ჰქონდა, თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით კი მსგავსი კანონოპროექტი პარლამენტში თავად უმრავლესობის ინიციატივით დარეგისტრირდა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას,  დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია,  მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ს პროპორციულად იზრდება.

მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მილიონ ლარს, უკვე 2023 წელს მაუწყებელმა 101  მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მილიონის გამოყოფა.

წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი