ახალი ამბები

“წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა

13 ივნისი, 2017 • 24692
“წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” საზოგადოებრივ მაუწყებელზე  აღარ გავა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე შეატყობინა რადიო “თავისუფლებას”, რომ რადიოს ორი გადაცემა, “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” ივლისის შუა რიცხვებიდან ეთერში აღარ გავა.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსმა, დავით კაკაბაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მიიღეს წერილობითი შეტყობინება,  რომელშიც მიზეზად არხის რეორგანიზაცია იყო დასახელებული.

“კონტრაქტის თანახმად, ერთი  თვით ადრე უნდა გაგვაფრთხილონ. გაგვაფრთხილეს ოფიციალურად.  ასე რომ,  სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია”.

რადიო “თავისუფლებასა” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შორის არსებული კონტრაქტის თანახმად, თუკი რომელიც მხარე გადაწყვეტს კონტრაქტის შეწყვეტას, ამის თაობაზე მხარეს ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს.

კაკაბაძის თქმით, წერილში საუბარი არ ყოფილა მომავალში თანამშრომლობის აღდგენაზე.

ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საიდანაც “ნეტგაზეთმა” ინფორმაცია თავდაპირველად არაოფიციალურად მიიღო და სადაც მეორე დღეა ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თუკი რადიო “თავისუფლებამ” ასეთი წერილი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემები ახალი სეზონიდან აღარ გავა ეთერში, თუმცა მან განაცხადა, რომ ამის თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა არხის რამდენიმე მენეჯერს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. მაუწყებლის იურიდიულ სამსახურმაც განაცხადა, რომ არ ფლობენ ინფორმაციას რადიო “თავისუფლებასთან” კონტრაქტის შეწყვეტაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი