ახალი ამბებისაზოგადოება

იტალიამ დიაბეტური პროდუქტის შემქმნელ ქუთაისელ გოგონას $60 000 გრანტი გადასცა

20 ივნისი, 2017 • 47362
იტალიამ დიაბეტური პროდუქტის შემქმნელ ქუთაისელ გოგონას $60 000 გრანტი გადასცა

გასულ თვეში ქუთაისელმა მოსწავლემ, მარია ერაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვინტექსის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მეცნიერი უკვე რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. მისი წარმატება ჯერ კიდევ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადიდან დაიწყო, შემდეგ მარიამ მეწყვილე გიორგი ფხაკაძესთან ერთად მეცნიერული ნაშრომით „ცოცხალი საკვები“ ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

როგორც ფაბლისითი ჯგუფმა გვაცნობა, სულ ახლახან მარიამ იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდანაც მიიღო მოწვევა, სადაც მან 60 000 დოლარზე მეტი სასწავლო გრანტი მოიპოვა.

მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის (ყოფილი დემირელის) სახელობის სკოლის მოსწავლემ დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა.

ფაბლისითის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტ სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა, საბოლოო ჯამში, განსაკუთრებული თვისებების მქონე ნედლეული მიეღოთ.

პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც ახალგაზრდებმა მხოლოდ ქართული მინერალური წყალი შეარჩიეს. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტებისა და პურის სახით. მიღებულ პროდუქტებში გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ, როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღები 40 ერთეულიც კია. საქართველოში კი მსგავსი პროდუქტი, განსაკუთრებით კი პური, ფაქტიურად არ იწარმოება.

მარია ერაძის წარმატება ამ კვლევებისა და ნაშრომების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს მას რამოდენიმე საინტერესო შეთავაზება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯიდან. მისი საბოლოო არჩევანიც შესაძლოა ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეჩერდეს, საიდანაც ქუთაისელმა მოსწავლემ 100%-იანი დაფინანსება უკვე მოიპოვა.

მარია ერაძე ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის რჩეული მოსწავლე იყო. შეგახსენებთ, რომ დემირელის სკოლის მენეჯერი და მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს,  ერთ დღის შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობის წევრები საქართველოს სტუმრობდნენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, გიორგი ფხაკაძე და მარია ერაძე. მარია ნიკო ნიკოლაძის სახელობის (ყოფილი დემირელის) სკოლის მოსწავლეა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, გიორგი ფხაკაძე და მარია ერაძე. მარია ნიკო ნიკოლაძის სახელობის (ყოფილი დემირელის) სკოლის მოსწავლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი