ავთანდილ ხურციძე

მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს აშშ-ში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სპორტსმენს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ავთანდილ ხურციძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. “ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე კატრინ ფორესტმა მიიღო. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და პატიმრობაში უნდა დარჩეს.

აშშ–ში დაკავებულ რუსულ-ქართული ბანდიტური დაჯგუფების წევრებს შორის, რამდენიმე ქართველ სპორტსმენთან ერთად, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და UFC-ს მებრძოლი ლევან მაყაშვილიც მოხვდნენ. ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების, UFC-ს მებრძოლი. ორივე სპორტსმენი აშშ–ში ვარჯიშობს. ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის ემზადებოდა – 8 ივლისს ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.

მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილება, პატიმრობაში დაეტოვებინა ავთანდილ ხურციძე, არ იყო რთულად მისაღები. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი დღით ადრე მომრიგებელმა მოსამარლემ ხურციძისთვის 200 000 დოლარის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, ხურციძეზე უნდა განხორციელებულიყო ელექტრონული მონიტორინგიც.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

“ჩვენ დავაკავეთ რუსული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრი, რომელთაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო დანაშაულობები ჩაიდინეს. ბრალდება აქვს წარდგენილი დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელ რაჟდენ შულაიას და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუს “კანონიერ ქურდებს” აქვთ ბრალდება წაყენებული ფულის გამოძალვაში. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა, ასევე აღმოაჩინეს 4 535 კილოგრამი შოკოლადი”, – განაცხადა პროკურორმა ჯონ კიმმა.

იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, შულაიას დაჯგუფება იყო კრიმინალური გუნდი, რომელიც რაჟდენ შუალაიას მითითებებით მოქმედებდა. შუალაიას ასევე უწოდებდნენ “ძმას”, “რომას”, იგი არის კანონიერი ქურდი. ამ დაჯგუფების წევრები და თვითონ შუალაია ჩართული იყვნენ არაერთ კრიმინალურ მოქმედებებში, მათ შორის, ძალადობაში, გამოძალვაში, უკანონო აზარტული თამაშების ბიზნესში, რამდენიმე კაზინოს მიმართ თაღლითობაში, იდენტობის ქურდობაში, საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და მოპარული საქონელის გასაღებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com