ახალი ამბები

ომბუდსმენი GPB -ს მიმართავს ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით

7 ივნისი, 2017 • 2540
ომბუდსმენი GPB -ს მიმართავს ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით

სახალხო დამცველმა  “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ლაშა მესხის მიმართ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ლაშა მესხი სამსახურში უნდა აღდგეს. 

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ლაშა მესხი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2014 წლიდან მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებებს საჯაროდ. 2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

“ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 თანამშრომელთაგან, ვისთანაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდო, მხოლოდ განმცხადებელი გათავისუფლდა, თავისთავად წარმოშობს არათანასწორი მოპყრობის ეჭვს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რომ განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მის აქტიურ საქმიანობას პროფესიულ კავშირში და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას იმ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღემდე აქვს ადგილი”,- აცხადებს სახალხო დამცველი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი