ახალი ამბებისამართალი

იუსტიციის მინისტრი განმარტავს ჩაბუქის შესაძლო ექსტრადიციის პროცედურებს

1 ივნისი, 2017 • 6085
იუსტიციის მინისტრი განმარტავს ჩაბუქის შესაძლო ექსტრადიციის პროცედურებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს გაუჭირდება, პოზიცია დააფიქსიროს მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საკითხზე. თეა წულუკიანის თქმით, სანამ სასამართლო არ იმსჯელებს დემირელის სკოლის მენეჯერის საქმეზე, ნებისმიერი წინასწარ გამოხატული პოზიცია იქნება “წმინდა წყლის სპეკულაცია”.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საუბარი მას მხოლოდ ფაქტებით შეუძლია. თეა წულუკიანმა მედიას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში შესაძლო ექსტრადიციის პროცედურები განუმარტა.

“ამ პირს აქვს შეფარდებული საქართველოს სასამართლოს მიერ სამთვიანი საექსტრადიცია პატიმრობა, რომელიც შესაძლებელია მაქსიმუმ ორჯერ 3-3 თვით გაგრძელდეს, რადგან მაქსიმუმი ვადა საექსტრადიციო პატიმრობის გახლავთ 9 თვე ქართული კანონმდებლობით. ამ პერიოდში თურქეთის სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ წარმოადგინოს სისხლის სამართლის მასალები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ბრალდება, რომელიც მის წინაშეა წარდგენილი, თურქეთის რესპუბლიკაში ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ასევე ჩვენ თურქეთთან გვაქვს საერთო თანამშრომლობის ბაზა. ეს გახლავთ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია და ამ კონვენციის თითოეული მუხლის დაცვით უნდა წარიმართოს ეს პროცედურები. რა გამოიკვეთება თურქეთის, ჩვენი კოლეგა მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან, ჯერ არ ვიცით იმიტომ, რომ მასალები ჯერ წარმოდგენილი არ ყოფილა,” – ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, წარმოდგენილია მხოლოდ დაკავების ბრძანება, რაც ევროპული კონვენციის მიხედვით საკმარისი საფუძველია, პირს შეეფარდოს საექსტრადიციო პატიმრობა, სანამ სრულად არ შეისწავლიან დოკუმენტაციას.


თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაბუქი პირველი ადამიანი არ არის, რომელსაც, სავარაუდოდ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში აკავებენ ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე  ცოტა ხნის წინ დააკავეს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

“ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან’, – განაცხადა კონსულმა ტელერახ 25-თან საუბარში. მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

ამ საკითხზე განმარტება გააკეთა თურქეთის ელჩმაც. არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ მანაც ისაუბრა და შემდეგ თქვა: “მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”.

იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველომ ზემოხსენებული სკოლა თურქეთის მოთხოვნით დახურა, არ არსებობს. ამ მოსაზრებას უარყოფს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სკოლას ავტორიზაცია კონკრეტული დარღვევების გამო გაუუქმდა. თუმცა, გარდა უშუალოდ სკოლის დირექტორისა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სკოლის დახურვის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია იდგეს, სახალხო დამცველმაც გამოთქვა. გაზეთმა ჰურიეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა გიულენთან დაკავშირებული სკოლებისთვის კურიკულუმების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ათეულობით ქვეყანასთან აწარმოებდა.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი