ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ უნდა ანაღვლებდეს საქართველოს თურქეთსა და EU-ს შორის ურთიერთობების გამწვავება

23 მაისი, 2017 • 6626
რატომ უნდა ანაღვლებდეს საქართველოს თურქეთსა და EU-ს შორის ურთიერთობების გამწვავება

რა გავლენის მოხდენა შეუძლია თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაძაბვას საქართველოზე?

“საუკუნის წინ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით “ავადმყოფი ადამიანი”. ახლა თვითონ არიან ის, რასაც ჩვენ გვეძახდნენ. ევროპა ინგრევა”, – როიტერის ცნობით, ეს სიტყვები თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 9 აპრილს იზმირში სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. მან მე-19 საუკუნის ცნობილ ფრაზას 21-ე საუკუნეში უპასუხა.

“ავადმყოფი ადამიანი”- ეს ტერმინი პოლიტიკურ კონტექსტში პირველად მე-19 საუკუნეში გამოიყენეს ოსმალეთის იმპერიის რთული მდგომარეობის დასახასიათებლად. ამ ციტატის ზუსტი ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა მას რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მიაწერენ. მოგვიანებით ტერმინს დაემატა სიტყვა “ევროპის” და ამგვარად იმ ქვეყნებს აფასებდნენ ხოლმე, რომლებიც გარკვეული ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგნენ.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი © EPA/TOLGA BOZOGLU

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი © EPA/TOLGA BOZOGLU

დიპლომატიური კამათი რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა, ახლა არ დაწყებულა. მიზეზები, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ყველა მხარეს აქვს. თურქეთს დაუგროვდა ერთგვარი უკმაყოფილების განცადა იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი იმ ტემპში არ მიდის, როგორც მას სურს, ხოლო ევროპაში აშფოთებთ ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.

2016 წლის ზაფხულში თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ათასობით ადამიანის დაკავებასა და საჯარო სექტორში მომუშავე ასევე ათასობით “გიულენისტის” გათავისუფლებას საკმაოდ მკაცრი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას კურირებს, განაცხადა, რომ ერთი შეხედვით დასაკვებელი ადამიანების სიები თურქეთში წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. “შეშფოთებული ვარ. ეს სწორედ ისაა, რისიც გვეშინოდა” – აღნიშნა ჰანმა.

თურქეთის პოზიციაა, რომ ქვეყანა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ძალა, რომელსაც უპირისპირდება, სახელმწიფოში ძალადობრივ გადატრიალებას ცდილობდა. “საგანგებო მდგომარეობის დროს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციას საფრანგეთშიც დროებით აჩერებენ ხოლმე ”. თურქეთი ევროკავშირის ზოგიერთ წევრებს აქეთ ადანაშაულებს გიულენისტებისა და PKK-ის (ქურდისტანი მუშათა პარტია) მფარველობაში.

2016 წლის ზაფხულის გადატრიალების მცდელობას ანკარა ყოფილი იმამის, ფეტულა გიულენის “საიდუმლო ქსელს” აბრალებს, რომელიც როგორც ერდოღანი ამბობდა, თურქეთში “პარალელურ სახელმწიფოს” მართავდა. თავად გიულენი აჯანყების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

ერდოღანისა და ევროპელი ლიდერების დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა უკავშირდება რეფერენდუმს პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრისა და რეფერენდუმის თაობაზე კამპანიის წარმოების საშუალება არ მისცეს. დღეისათვის ევროპაში მილიონობით თურქი ცხოვრობს, რომელთა ჩართულობას რეფერენდუმის პროცესში ერდოღანი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ჰოლანდიამ კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თავის ტერიტორიაზე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დიასპორასთან შეხვედრის საშუალება არ მისცა, რის გამოც ერდოღნმა ნიდერლანდების სამეფოს “ბანანის რესპუბლიკა” უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან მკაცრი რეაგირებაც მოითხოვა. დიპლომატიურ დაპირისპირებაში ჩაერთო გერმანიაც, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი თურქული დიასპორაა თავმოყრილი (დაახლოებით 3 მილიონი).

“მე ვფიქრობდი, რომ გერმანიაში ნაციზმი დასრულებული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის კვლავ გრძელდება”, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიის ორ ქალაქში ასევე ვერ ჩატარდა რეფერენდუმთან დაკავშირებული შეხვედრები.  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ ნაცისტებთან შედარებებს ყოველთვის მივყავრთ ერთი რამისკენ – ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შერბილებისაკენ.

[red_box]თურქეთის ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე[/red_box]

თურქეთიც და ევროკავშირიც საქართველოს უმნიშნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები არიან როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რომ არღარაფერი ვთქვათ თურქეთსა თუ ევროკავშირში მცხოვრებ და მომუშავე საქართველოს არაერთი მოქალაქეზე.  2016 წელს თურქთი საქართველოს #2 სავაჭრო პარტნიორი იყო როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის კუთხითაც. თურქეთის ეკონიმიკაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზეც რომ ახდენს გავლენას, ესეც არ არის ახალი ამბავი. 2016 წლის ბოლოს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ტალღა საქართველოს მთავრობამ პირდაპირ დაუკავშირა თურქული ლირას პრობლემებს.

გარდა ეკონომიკური საკითხებისა, არსებობს პოლიტიკური თემებიც, სადაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის სტაბილური ურთიერთობა საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნებოდა. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, მაგალითად, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება ევროგაერთიანებაში საქართველოს შესვლასაც შეუწყოდა ხელს, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი, როგორც ჩანს, საერთოდ არც განიხილება. მეტიც, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მათ შესაძლოა საერთოდ გადახედონ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს.

“საერთოდ, ევროკავშირის გაფართოება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ხდება. საქართველო გეოგრაფიულად ევროპას მოწყვეტილია და რაც არ უნდა დიდი პროგრესი აჩვენოს მრავალი მიმართულებით, გაწევრების პერსპექტივის მიღება ძალიან რთულია. როდესაც თურქეთი შედიოდა EU-ს გაფართოების არეალში, მასთან გეოგრაფიულად მიბმული საქართველო ძალიან კარგ სიტუაციაში იყო. როცა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დრო მოახლოვდებოდა, ევროპაში საქართველოს მიღებაზეც დაიწყებდნენ ფიქრს, რადგან ეს ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი და დასძენს, რომ თუ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეწყდება, საქართველო ამ თვალსაზრისით მეზობლის გეოგრაფიულ ფაქტორს ვეღარ გამოიყენებს:

“ამის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების ერთადერთი არეალი, რომელშიც ჩვენ შეიძლება მოვიაზრებოდეთ, არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და იქ გამოკვეთილი 3 ქვეყანა: მოლდოვა, უკრაინა საქართველო. თუმცა გვერჩივნა, რომ ჯერ თურქეთი გაწევრიანებულიყო, რადგან ევროოკავშირში თურქეთის შესვლის შემთხვევაში ევროკავშირში ჩვენი წევრობა პრაქტიკულად უალტერნატივო იქნებოდა”, – ამბობს გოგოლაშვილი.

თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები: ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი თბილისში © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები: ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი თბილისში © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

გარდა ევროკავშირის კანდიდატობისა, თურქეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრია სამხედრო თვალსაზრისით. თურქეთი წლების განმავლობაში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ლობისტიც იყო. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თურქეთს ნატოს გავლენიან წევრებთანაც დაეძაბება ურთიერთობა (მაგალითად, გერმანიასთან), დაზარალდება თუ არა ამით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები?

დოქტორი, ანალიტიკური ცენტრის “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ თუ თურქეთს ევროკავშირის შემდეგ ურთიერთობები ნატოშიც გაუფუჭდება, შესაძლოა, ამან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, რადგან თურქეთი საქართველოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხმაა ნატოში.

“გარდა ამისა, ნატოს შიგნით ე.წ. სკეპტიკოსი ქვეყნების ერთ-ერთი არგუმენტია, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საქართველო მისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო დაუცველიაო. ამ მოსაზრების კონტრარგუმენტი სწორედ თურქეთის არსებობაა საქართველოს მეზობლად, რომელიც ნატოს ერთ-ერთი ფლაგმანი სამხედრო ძალაა და სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული”, – ამბობს კაკაჩია.

აღსანიშნავია ერთი გარემოება: ანკარა ევროკავშირთან გართულებულ ურთიერთობას და ნატოსადმი მის დამოკიდებულებას ერთმანეთისაგან მიჯნავს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოში თურქეთის ელჩმაც განაცხადა ტვ “იბერიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“მიუხედად იმისა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ახლა მართლაც პრობლემური პერიოდია, ნატოსთან დაკავშირებით სიტუაცია ცალსახად განსხვავებულია. როცა საქმე ნატოს ეხება, აქ ყველანი მოკავშირეები ვართ და ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას: ყველა ის ისტორია, სადაც წერია, რომ თურქეთი ნატოს ტოვებს, ცალსახად სიცრუე და ჭორია”, – თქვა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

თუმცა 2017 წლის დასაწყისში დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში შესაძლოა არაერთ ადამიანს გაუკვირდა, როდესაც ნატოს წევრმა თურქეთმა სირიაში რუსეთთან ერთად დაიწყო მოქმედება. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მოსკოვსა  და ანკარას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, როდესაც თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, თუმცა მხარეებმა ურთიერთობების დალაგება მოახერხეს და 2017 წლის დასაწყისში უკვე ერთად ბომბავდნენ სირიაში ISIS-ის პოზიციებს.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ფაინანშალ ტაიმსს განუცხადა, რომ ანკარა საგარეო პოლიტიკას არ განიხილავს ნულოვანი ჯამის თამაშად, სადაც ერთის მოგება აუცილებლად მეორის წაგებას ნიშნავს.

“ჩვენ არ ვუყურებთ ამას როგორც ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას იმ განცდით, რომ რადგან ნატოს წევრები ვართ, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობები გავწყვიტოთ. რუსეთთან ურთიერთობების განახლება არ ხდება ნატოსთან, აშშ-თან ან ევროპასთან კავშირების  ხარჯზე, მაგრამ დგება დრო, როცა რუსეთთან უფრო მეტ შეთანხმებას აღწევ, ვიდრე აშშ-თან”, – ეს ერდოღანის პრესსპიკერ იბრაჰიმ კალინის სიტყვებია, რომელიც მიმდინარე წლის 13 იანვარს ფაინანშალ ტაიმსს უთხრა.

კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ არც ცხოვრებაში და არც პოლიტიკაში დაბადებით მტრები არ არსებობენ და გამორიცხული არ არის, რეგიონში სიტუაცია ისე შემოტრიალდეს, რომ რუსეთი და თურქეთი ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ, თუმცა ეს საკმაოდ რთულად წარმოსაგდენია, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში საკმაოდ ბევრი რამ უკვე ევროპულ ყაიდაზეა მოწყობილი: წარმოება ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებზეა მოწყობილი, ქვეყანაში ინვესტიციები ევროპიდან შედის, არაერთი თურქი ევროპის ქვეყნებში მუშაობს და ა.შ.

“თურქეთი უკვე დიდი ხანია არის დასავლურ ბლოკში, ნატოს წევრია, ასევე, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესშია. ამ ყველაფერზე ასე მარტივად უარის თქმა შეუძლებელია”, – გვითხრა გოგოლაშვილმა

კორნელი კაკაჩიას აზრით კი, თურქეთისა და რუსეთის დაახლოება ანკარის მხრიდან საკუთარი პოზიციის ხაზგასასმელ ნაბიჯს უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სახის სტრატეგიულ, გრძელვადიან გადაწყვეტილებას:

“თურქეთს უფრო მეტი აკავშირებს ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, რაღაც შეხების წერტილები გაჩნდეს მოსკოვსა და ანკარას შორის, მაგრამ არ მგონია, რომ თურქეთმა უარი თქვას ნატოზე”, – ამბობს კაკაჩია.

კახა გოგოლაშვილის თქმით კი, თუ საბოლოოდ თურქეთი ნატოს ღირებულებებისაგან დისტანცირებას გადაწყვეტს, ამან შესაძლოა საქართველოც ჩიხში მოაქციოს და ალიანსის ინტერესები რეგიონის და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ შემცირდეს, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც:

“პირიქით, თუ ნატო თურქეთის სახით რეგიონში პარტნიორს დაკარგავს ან ანკარა ისეთი დასაყრდენი აღარ იქნება მისთვის და საქართველო მის ძლიერ ლოიალობას აჩვენებს, შეიძლება აქცენტი თბილისზე გადმოიტანონ. ასეც შეიძლება მოხდეს. გააჩნია, როგორ წავა პროცესები და რა რესურსები ექნება ნატოს [ჩვენი რეგიონისთვის]”, – ამბობს გოგოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აპრილში, როდესაც აშშ-მა სირიაში ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებადი აეროდრომი ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით დაბომბა, რადგანაც ასადმა, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა,  ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, მაშინ, როდესაც რუსეთმა (ირანთან ერთად) აშშ-ის ქმედება დაგმო. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნებას უჭერს მხარს, თურქეთი – არა.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, თუ ევროპასა და თურქეთს შორის დიპლომატიური კამათი კიდევ უფრო გამწვავდება?

კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველომ მკაფიოდ უნდა დაიკავოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ანუ ყველა მომენტში უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ მის მიმართ არის ლოიალაური, არა მარტო იმიტომ, რომ ეს დივიდენდების მომტანია, არამედ “იმიტომაც, რომ ეს არის მისი ფასეულობრივი სამშობლო”.

“ლოიალურობაში არ იგულისხმება ის, რომ ოფიციალური თბილისი განცხადებებით გამოვიდეს. მათ აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ კი მკაფიოდ განვაცხადოთ, რას ვუჭერთ მხარს და რას –  არა. ჩვენ არავინ გვთხოვს, რომ ერდოღანი ან თურქეთში დემოკრატია ვაკრიტიკოთ, ამისათვის არსებობს ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია ცვალებადი იყოს”, – ამბობს გოგოლაშვილი.

2016 წლის ზაფხულში თურქეთში არშემდგარი გადატრიალების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანკარაში დაგეგმილი ვიზიტი არ გადადო. კვირიკაშვილმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

კახა გოგოლაშვილს თავისი მოსაზრების უფრო მეტად დაკონკრეტება ვთხოვეთ:

“ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რას ვუჭერთ მხარს. მაგალითად, აზერბაიჯანი არის საქართველოს მეზობელი, საქართველოს არ შეუძლია ღიად გააკრიტიკოს, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ არ მოგვწონს ადამიანის უფლებების შელახვა, მაგრამ ასევე უნდა იცოდნენ ისიც, რომ ეს არ შეგვიშლის ხელს, აზერბაიჯანთან გქვონდეს კარგი მეზობლური ურთიერთობები”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

“საქართველო, გამომდინარე მისი ზომა-წონიდან, ძალიან შორს არ უნდა გაიჭრას”, – ეს კორნელი კაკაჩიას მოსაზრებაა. “არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ჩვენი მხარდამჭერია იმავე ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, მოვალეობა არ არის თურქეთის განკითხვა სახელმწიფო დონეზე.  სამოქალაქო საზოგადოების დონეზე შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ თავიანთი აზრი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი არ ერევა სხვის საქმეში”, – ამბობს კაკაჩია და დასძენს, რომ ეს არა საქართველოს, არამედ უფრო მძიმეწონიანი სახელმწიფოების თამაშია.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და პირიქით, ეს შეიძლება თურქეთს დაეხმაროს კიდეც, როცა დაინახავს, რომ საქართველო და უკრაინა უვიზო მიმოსვლას იღებენ, ამან შეიძლება თურქეთზეც მოახდინოს გავლენა და შეიძლება მაგალითიც ვიყოთ”.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

“ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან’, – განაცხადა კონსულმა ტელერახ 25-თან საუბარში. მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

ამ საკითხზე განმარტება გააკეთა თურქეთის ელჩმაც. არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ მანაც ისაუბრა და შემდეგ თქვა: “მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”.

იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველომ ზემოხსენებული სკოლა თურქეთის მოთხოვნით დახურა, არ არსებობს. ამ მოსაზრებას უარყოფს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სკოლას ავტორიზაცია კონკრეტული დარღვევების გამო გაუუქმდა. თუმცა, გარდა უშუალოდ სკოლის დირექტორისა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სკოლის დახურვის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია იდგეს, სახალხო დამცველმაც გამოთქვა. გაზეთმა ჰურიეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა გიულენთან დაკავშირებული სკოლებისთვის კურიკულუმების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ათეულობით ქვეყანასთან აწარმოებდა.

როგორ უნდა მოიქცეს მსგავს ვითარებაში საქართველო? – მით უმეტეს, რომ საქართველოში ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქოლგის ქვეშ (ამ სივრცის ნაწილია შაჰინის სკოლაც) მოქცეული კიდევ რამდენიმე სკოლა მუშაობს. კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ კონკრეტული სკოლების საქმეზე ვერ ისაუბრებს, რადგან მტკიცებულებები ხელთ არ აქვს. თუმცა, ჰიპოტეტურად, თუ თურქეთისაგან ამ ტიპის წინადადებები წამოვა ხოლმე, თბილისს ბალანსი ექნება საპოვნი. მისი თქმით, თუ კონკრეტული თხოვნა და ინფორმაცია მტკიცებულებებით არ იქნება გამყარებული, თბილისმა ანკარას უნდა აუხსნას, რომ შიდა საკითხებს თვითონ მოაგვარებს:

“ამის გამო ორმხირივი ურთიერთობები არ უნდა დავძაბოთ და ამას აკეთებს კიდევაც დღეს ხელისუფლება, მაგრამ არც არავის უნდა მივცეთ ზეწოლით შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება, მით უმეტეს, თუ სახეზე არ არის კონკრეტული მტკიცებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებსაც საქართველო თვითონ მიხედავს. ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ მათი შფოთვა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხელაღებით, რომ რადგან ხელისუფლებამ თქვა, აუცილებლად ასეა. ზუსტად იმავეს აკეთებენ დასავლეთის ქვეყნები: შეერთებული შტატები, ევროპის სახელმწიფოები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფრონტაციაში შევიდეთ, რადგან აბსოლუტურად არ შედის ჩვენ სინტერესებში, მაგრამ თუ საჭირო გახდება, შიდა საქმეებში ჩარევაზე დელიკატურად უნდა მივუთითოთ კიდეც”.

იგი იხსენებს, რომ უვიზო რეჟიმის წყალობით თურქეთში საქართველოს არაერთი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკული პროექტები:

“მაგრამ ქართული დიპლომატიის მოვალება სწორედ ის არის, რომ გართულებების გარეშე აუხსნას დიპლომატიურ დონეზე, რომ არის საკითხები, რომლებსაც თვითონ გადაწყვეტს. საქართველომ ანკარა უნდა დაარწმუნოს, რომ მისი მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრება იმ თემებზე, რაც მას აღელვებს”, – ამბობს კაკაჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი