15615

ადვოკატი: საქართველოში თურქეთის მოთხოვნით გიულენის მხარდამჭერი ბიზნესმენი დააკავეს

საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნის საფუძველზე, ამავე ქვეყნის მოქალაქე, სინან სარაჩი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი, მერაბ მამულაძე ავრცელებს. როგორც ადვოკატი ამბობს, სარაჩი საქართველოში 2016 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ფლობს უძრავ ქონებას და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მამულაძის თქმით, 2016 წელს მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან ქვეყანაში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

მისივე თქმით, სინან სარაჩს ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ედება, თუმცა ბრალის აღწერაში მითითებულია, რომ სარაჩი ორგანიზაცია „FETO/PDY”-ის ფინანსურ მხარდაჭერას ეწეოდა. ეს ორგანიზაცია კი, ადვოკატისვე განცხადებით, მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების მიერაა მიჩნეული შეიარაღებულ დაჯგუფებად:

“ეს ორგანიზაცია დააკავშირა თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობასთან და პოლიტიკური ბრალდება წარუდგინა ამ ადამიანს, ვინაიდან ის იმყოფებოდა სასულიერო შეკრებებზე და ქველმოქმედებას ეწეოდა. აქედან გმაომდინარე, საქართველოს ხელისუფელებას მიმართა და მოსთხოვა გადაცემა. შესაბამისად, საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო. ბრალდებაში მითითებულია, რომ ამ ორგანიზაციას, „FETO/PDY”-ს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდაო.

ეს ორგანიზაცია არის ფეტულა გიულენის მხარდამჭერი. ორგანიზაციაც არაა, მიმდევრობაა, სასულიერო ლიდერის მომხრეები არიან. ვინაიდან მათთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ ადამიანს და ეს ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთში მიიჩნევა, რომ დაკავშირებული არიან შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, აქედან გამომდინარე პოლიტიკური ბრალი წარედგინა და მოთხოვნა საქართველოსთვის, რომ გადაეცათ თურქეთისთვის. შესაბამისად, არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს ამ ორგანიზაციას შეიარაღებულ დაჯგუფებად. სარაჩი იყო  სასულიერო პირის მიმდევარი და პლუს ამას ფინანსურ დახმარებას  უწევდა თურქ სტუდენტებს საზღარგარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო დაკავება და შემდგომ თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნა. ” – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა მხარემ თურქეთის ეს მოთხოვნა შეასრულა, შესაძლოა, სინან სარაჩი თურქეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს მიერ იქნა  დაკავებული თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, ქუჩაში გადაადგილების დროს. საექსტრადიციო  პროცედურები მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს პროცედურები იმის თაობაზე, რომ მოხდეს ამ ადამიანის თურქეთისთვის გადაცემა იმ ფონზე, როდესაც არც ერთი საერთაშორისო ძებნის ორგანიზაცია არ ღებულობს თურქეთისგან ასეთი დაკავების მოთხოვნას. მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა, რომელმაც დაიწყო ეს პროცედურები და აპირებს ფეტულა გიულენის მომხრეების გადაცემას თურქეთის რესპუბლიკაში” – ამბობს ადვოკადი.

მისი თქმით, თურქეთის მოქალაქეს ბრალი თურქული კანონმდებლობით აქვს წაყენებული და საექსტრადიციო პროცედურები უკვე დაწყებულია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკამყოფილა და ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გვიპასუხებენ. უწყებისგან ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ამ დრომდე ელოდება.


 

განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა. მიზეზად, მოსწავლეების არასწორი ჩარიცხვის წესი სახელდება. თუმცა, სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს რომ მათ წინააღმდეგ  პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი