ნავთობსაქაჩი; აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჟურნალისტი, სავარაუდოდ, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 29 მაისს, საღამოს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადაიყვანეს.

როგორც მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ამბობს, მისი ქმრის პასპორტი თბილისშია.

საქართველოს შსს-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებია განმარტება, როგორ გადაკვეთა მოქალაქემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი პასპორტის გარეშე.

ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატებიც. როგორც ნეტგაზეთს ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა განუცხადა,  ახლა აპირებს შეხვედრას დაკავებულთან და, შესაბამისად, ინფორმაციას შემდეგ გაავრცელებს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

საქართველოს შსს-ს დღევანდელი განმარტებით, “საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი