ადვოკატი: გელა მიქაძეს ედავებოდა შეიხი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეა

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში საქმის გამოძიება და სასამართლო სხდომა ისე წარიმართა, რომ მათთვის არაფერი უცნობებიათ. მისივე თქმით, გელა მიქაძეს ედავებოდა შეიხი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარე და პროკურორის ოჯახის წევრია.

“საერთოდ არ ვიცოდით, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, არც სასამართლოს შესახებ ვიცოდით რამე. ნამდვილად არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, რადგან საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგეთ. სიმართლეც რომ იყოს, სისხლის სამართლის საქმე ისე აწარმოეს, ისე წარიმართა გამოძიება და სასამართლო წარმოება, რომ მხარეს ინფორმაცია არ მიაწოდეს, არც სასამართლოში ყოფილა დაბარებული,’ – ამბობს ქეთი ქვარცხავა.

მისივე თქმით, თავის დაცვის საშულება რომც ჰქონოდათ, მეორე მხარე არის შეიხი, რომელიც ფორმალურადაც და რეალურადაც  სასამართლოს თავმჯდომარეა.

“მოდავე არის შეიხი, რომელიც არის მოსამართლეც და პროკურორის ოჯახის წევრიც, აბსოლუტურად ყველაფერი კლანურ სისტემაზეა აგებული. ამ თემაზე აჟიოტაჟი რატომ ატყდა, აბსოლუტურად გაუგებარია. სანდოობის არანაირი ხარისხი გააჩნია იმ სასამართლოს,” -აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ  არც ერთი ნორმალური, თავმოყვარე ქვეყანა დაიწყებს გელა მქიაძის სამართლებრივ დევნას ამ საქმის გამო.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში $17.2 მილიონის მითვისების ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ამის შესახებ ინფორმაციას Gulf Business ავრცელებს.

რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ხატერ მასაადს და ამავე კომპანიის ორ ყოფილ აღმასრულებელს – გელა მიქაძეს და გიორგი ჯანაშიას 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა მიქაძემ $12.8 მილიონი უნდა გადაუხადოს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ – $4.4 მილიონი.

როგორც გამოცემა  წერს, საქმე ეხება 2010-2011 წლებში ხელშეკრულების დადებასა და გაუქმებას ფოთის პორტსა (რომლის 100%-საც RAKIA ფლობდა) და კომპანია Raystar Trade LLP-ს შორის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.