ახალი ამბები

ქართველ პარლამენტარს გაერთიანებულ საემიროებში 15 წლით პატირობა მიუსაჯეს

23 მაისი, 2017 • 4395
ქართველ პარლამენტარს გაერთიანებულ საემიროებში 15 წლით პატირობა მიუსაჯეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში $17.2 მილიონის მითვისების ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Gulf Business ავრცელებს.

რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ხატერ მასაადს და ამავე კომპანიის ორ ყოფილ აღმასრულებელს – გელა მიქაძეს და გიორგი ჯანაშიას 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა მიქაძემ $12.8 მილიონი უნდა გადაუხადოს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ – $4.4 მილიონი.

როგორც გამოცემა წერს, საქმე ეხება 2010-2011 წლებში ხელშეკრულების დადებასა და გაუქმებას ფოთის პორტსა (რომლის 100%-საც RAKIA ფლობდა) და კომპანია Raystar Trade LLP-ს შორის.

გელა მიქაძეს პრობლემები ჰქონდა საქართველოს ფინანსურ პოლიციასთან. 2013 წელს მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “რაკიინ დეველოპმენტის” გენერალური დირექტორობის პერიოდში 52 მილიონი ლარის მითვისებაში ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, გელა მიქაძემ, „რაკიინ დეველოპმენტის” დამფუძნებელი არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოებაზე ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა „რაკიინ დეველოპმენტის” 16 940 000 ლარის ღირებულების 8.47%-იანი წილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი