ახალი ამბები

ფარცხალაძის ადვოკატების ბრალდებები და თორდიას პასუხი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე

19 მაისი, 2017 • 1944
ფარცხალაძის ადვოკატების ბრალდებები და თორდიას პასუხი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია საჯარო განცხადებებით თვითმხილველებზე ზეწოლას ახდენს. ადვოკატების განცხადებით, სამმა თვითმხილველმა, ვისაც ფარცხალაძის ადვოკატები საქმეზე ინფორმაციის შეგროვებისთვის შეხვდნენ, გამოკითხვაზე უარი განაცხადა:

“ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში”, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ მოქალაქეებს, – “ვითომ მოწმეებს” უწოდებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. ბატონ თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე. შევახსენებთ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, მუქარა და ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მისგან განსხვავებით, დროულად შევატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს“ – თქვა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებაზე კომენტარი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ლაშა თორდიას თქმით, მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. ხოლო რაც შეეხება იმ მოწმეებს, რომლებიც ცრუ ჩვენებას მისცემენ, მათთვის არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები:

“თურმე ჩემი პასუხი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ასე ცინიკურად ასახელებენ, რომ წამიერი შეხვედრა იყო და არ შეიძლებოდა ეს დაზიანებები მიმეღო და მივიღე თვითდაზიანება, ჩემი პასუხი, რომელიც მათ მიმართ მე გავაკეთე, რა შეიძლება მოხდეს –  ანუ კონტრარგუმენტი, მათი თქმით, არის მუქარა მოწმეებზე. ეს უკვე სცილდება ყველანაირ გონივრულ ზღვარს. თუ იქნება ისეთი ფაქტები, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, რომ მე მივიღე თვითდაზიანება და ამაზე ჩვენება აქვს მიცემული, ესაა ცრუ ჩვენება. ამაზე ცალკე კიდევ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებია,” – ამბობს თორდია.


გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

თავად ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი