admin-ajax (1)

ლაშა თორდია: ფარცხალაძის თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშრდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, მასზე ყოფილი  გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა უკავშირდება აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემას სწავლობს.

ჟურნალისტებთან კომენტარი ლაშა თორდიამ საავადმყოფოში გააკეთა. მან თავდასხმის დეტალებზეც ისაუბრა:

“ეს იყო ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს. ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია. მას აქვს დაუსჯელობის განცდა. კლუბში იმყოფებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ამ ადამიანების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი…

შეხვედრის დროს ფარცხალაძემ ძალიან აგრესიული ტონით მომმართა, რომ რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდეგ. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ამ შინაარსით და ამ ტონით მას ჩემთან საუბრის არც უფლება და არც საშუალება არ ჰქონდა და ესაუბრა ისეთ ადამაინთან, ვისთანაც ეს მას შეეძლო. რაზედაც მისმა თანმხლებმა პირმა ძალიან დიდი აგრესიით მიპასუხა, რომ წესიერად მელაპარაკა მის უფროსთან. მე ვუთხარი, შენ ვინღა ხარ-მეთქი. ამას მოჰყვა  შემდგომ უკვე დარტყმა თავის არეში გვერდიდან. ბევრი იყვენენ, დაახლოებით 5 ადამიანი იყო. ამ ხუთმა ადამიანმა დარტყმის შემდგომ დაიწყო უკვე თავდასხმა. ოთარ ფარცხალაძეც ჩხუბობდა პირადად ამ პროცესში.

მიწა აქვს ჩანაცვლებული, რაზეც რანდენიმეჯერ მერიას უარი აქვს ნათქვამი, თუმცა ოთარ ფარცხალაძეს ჩაუნაცვლეს. ფასებიც ძალაინ საინტერესოა. შემდგომ კიდევ როგორ იყიდა სხვა მიწის ნაკვეთიც მიმდებარედ და ასე შემდეგ,”- განაცხადა ლაშა თორდიამ საავადმყოფოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალადაშვილის კლინიკის ექიმის, მარიამ ხელაძის განმარტებით, კლინიკაში ლაშა თორდია დღეს, 06:55 წუთზე შევიდა. მისივე ცნობით, თორდიას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

“ამჟამად მდგომარება სტაბილურია, გართულებას არ ველოდებით, საშუალო სიმძმის მდგომარეობაა,”- განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი