“ეროვნული ფორუმი” უსუფაშვილთან თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებს მართავს

პარტია “ეროვნული ფორუმის” წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს გადის. მათ შორის, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, რომელმაც ახალი პარტიის შექმნაზე აპრილში განაცხადა.

მიროტაძე არ აკონკრეტებს, ზუსტად რას გულისხმობს “კონსულტაციის რეჟიმი”, რომელშიც პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გადავიდა, და რომელ პოლიტიკურ გაერთიანებებთან არიან ისინი მოლაპარაკებაში ჩართული.

მიროტაძე ამბობს, რომ “ეროვნული ფორუმი” არ დაიშლება და პარტია საზოგადოებას სამომავლო გეგმებს მაისის ბოლოს გააცნობს.

“ეს არის თანამშრომლობის სხვა ფორმატი. ზუსტ დეტალებზე ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვისაუბროთ მაისის ბოლოს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მე ვერ გესაუბრებით, რადგან მიმდინარეობს პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, სწორი არ არის, რომ მე ამაზე ვისაუბრო. მაისის ბოლოს განვაცხადებთ, რა იქნება ეს, თანამშრომლობის როგორი ფორმა, რას ვგეგმავთ და რას ვთავაზობთ საზოგადოებას.

“ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკური პარტიიდან წამოსულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა, ჩვენ გვინდა საზოგადოების ბევრად უფრო ფართო ჩართულობა ამ პროცესში. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი ძალიან უგუნური პირობები,” – ამბობს მიროტაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა” ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტს მიღმა დარჩა. 12 ოქტომბერს კი პარტიის ლიდერმა, კახა შარტავამ ხვადასხვა პარტიებს გაერთიანება შესთავაზა. მოგვიანებით პარტია დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი