ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” სხვადასხვა პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს

12 ოქტომბერი, 2016 • 1560
“ეროვნული ფორუმი” სხვადასხვა პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს

“ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა კლასიკური ევროპული ტიპის პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, საჭიროა სხვადასხვა პარტიებში გაფანტული რესურსების მოკრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მიზანი სულ საარჩევნო ბარიერთან ჭიდილი იქნება.

კახა შარტავა მიიჩნევს, რომ არჩევნების გასაყალბელბად ყველაფერი გამოიყენეს. გარდა ამისა, მისი გუნდისა და სხვა პარტიების პარლამენტს გარეთ დარჩენაში ამომრჩეველსაც საყვედურობს და აცხადებს, რომ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის.

“ბევრმა თავი გაიმართლა იმით, რომ დაშინდა, ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს ამოიღებს ათმაგად, ამოიღებს ქვეყნისგან და ამისათვის მთლიანდ ჩაიგდებს ხელში საქვეყნო რესურსებს; დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს და ოჯახს; ყველა ოჯახში შევა, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა და ასეთი არჩევანი პატივისცემას არ იმსახურებს, ამის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა თავისი ცალმხრივი არჩევნის გაკეთებით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას, თითქოსდა ხელოვნურად შექმნილი შავ–თეთრი არჩევნების სურათის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა; ხელოვნურად შექმნილი წინასწარი ფსევდორეიტინგების გამოქვეყნების მეშვეობით დახატული სურათის რეალიზებაში მიიღო მონაწილეობა. ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ “ეროვნული ფორუმიც” ნულზე დარჩენილიყო. ეს მაქსიმალურად სცადეს, მოახერხეს და ამომრჩეველმა ამაში მონაწილეობა მიიღო,” – ამბობს შარტავა.

როგორც “ეროვნული ფორუმის” ლიდერი ამბობს, ამომრჩეველთან ერთად, მისმა გუნდმა, ისევე როგორც დანარჩენმა პარტიებმა, ვერ ივარგეს და ვერ დააჯერეს საზოგადოება მრავალპარტიული პარლამენტის აუცილებლობაში:

“ვერ შევთავაზეთ, ვერ ვაჩვენეთ, ვერ ავუხსენით და ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიული პარლამენტის აუცილებლობაში და ამ პარტიების შესაძლებლობაში. არც ერთი სუბიექტი არ განიხილა ამომრჩეველმა თვითკმარ პოლიტიკურ წარმონაქმნად, რომელსაც შეუძლია დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება საზოგადოებისათვის. თითოეული ეს პარტიული სუბიექტი არ არის დღეისათვის თვითკმარი პოლიტიკური წარმონაქმნი; თითოეულს რაღაც აკლია და ამ დანაკლის ვერ შეივსებს, ალბათ, ვერასდროს და ყოველთვის მაქსიმალური ამოცანა იქნება მხოლოდ საარჩევნო ბარიერთან ჭიდილი. ამის გამო საჭირო ხდება ხოლმე სახელდახელო ბლოკებისა და კოალიციების ჩამოყალიბება, რომლებიც დიდხანს ვერ ძლებენ და შიდა ინტერესების ჭიდილს გადაჰყვებიან ხოლმე.”

კახაბერ შარტავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ვითარებაში რეალური, ნამდვილი, კლასიკური ევროპული ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და ყველა სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოკრება:

“ადამიანური, საკადრო, შეხედულებების და ისეთი პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც თავს მოუყრის ყველა მრავალფეროვნებას და ყველა რესურსს. სხვა შემთხვევაში, ასეთივე მდგომარეობას გადავაწყდებით და ამასობაში სახელისუფლებო მართვის პარაზიტი სისტემა, რომელიც 24 წლის განმავლობაში ხრავს ქვეყნის სამეურნეო–ეკონომიკურ ხერხემალს, მთლიანად გადაიყოლებს ქვეყანას და თვითონაც გადაჰყვება ზედ. აქ უკვე საქართველოს საერთაშორისო ფუნქციაზეც ვერ იქნება საუბარი. ასეთი ტიპის სერიოზული პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ასეთი პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები. მხოლოდ ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას შეუძლია შეიტანოს რეალური ცვლილება იმ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში და არ იცვლება: ერთი და იგივე ძალები, ერთი და იგივე ადამიანები არიან სისტემის მსახურები და ფაქტობრივად ხელს უწყობენ იმას, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დეფიციტი დაფიქსირედეს ისე, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაც შეიძლება ამას შეეწიროს.”

2016 წლის პარლამენტის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა” ხმების 0.73% მიიღო და პარლამენტს გარეთ დარჩა. საარჩევნო ბარიერი მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, ხოლო ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში კვლავ “ქართული ოცნება” დარჩა. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შევიდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – 48,67% ; “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” – 27,11% ; “დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%.

მასალების გადაბეჭდვის წესი