პრეზიდენტი: არ ვიცი, რამდენად დეტალურად შეიძლება გაიწეროს კონსტიტუციაში შრომის უფლებები

არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ასე დეტალურად შრომის უფლებები კონსტიტუციის ნაწილში გაწერილი. რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები და ვალდებულებები გაწერილი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის კითხვას, რომელიც კონსტიტუციაში შრომის შესახებ არსებული ჩანაწერების დატოვებასა და უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი ორგანოს შექმნას შეეხებოდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არ იცის, თუ რას ამბობს სტატისტიკა, თუმცა პრეზიდენტის ირგვლივ ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელი არიან, ხოლო ვინც იშოვა სამსახური, მათი ყოფა შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია.

“ადამიანებს უხდებათ ისეთ პირობებში მუშაობა, რაც ბუნებრივად გულისხმობს, რომ ან უნდა მშიერი მოკვდეს, ან ყოველდღე რისკის ქვეშ იდგეს. ბუნებრივია, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადგილებს, როგორიც არის მშენებლობები. ის, რომ კონკრეტულ ამინდში ან გარკვეულ საათებში… არავინ მათ არ აძალებთ, მაგრამ არჩევანი არის ასეთი: შენი ოჯახი შიმშილობს, ან შენ რამდენიმე საათით (ეს არ არის მხოლოდ ერთი საათი, საათობით) სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობ იმისთვის, რომ მიიღო (რაღაც გმირის ორდენს კი არ იღებენ) პურის ფული. ამისთვის დადიხარ რისკის ქვეშ და ეს არის კატასტროფული,” – ამბობს მარგველაშვილი.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველა დასაქმებულ სმისი იმედი უნდა ჰქონდეს და ყოველთვის დააფიქსირებს თავის პოზიციას, სადაც საჭირო იქნება: “თუმცა მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვით, რომ მშრომელთა უფლებების დაცვის ყველაზე რეალური გარანტი არის პროფკავშირები. არც ერთი პოლიტიკოსი დაიცავს თქვენს უფლებებს ისე, როგორც დაიცავენ პროფკავშირები. პოლიტიკოსების მხრიდან ეს ყოველთვის იქნება ერთჯერადი დაცვა და ყოველთვის იქნება დაკავშირებული რამე სხვასთან. მე პოლიტიკოსებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ჩვენ თუ ვსაუბრობთ რეალურ მექანიზმზე, კაცობრიობას პროფკავშირების გარდა ამ ფენომენის დაცვის სხვა მექანიზმი არ გამოუგონებია.”

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ცუდი არ იქნება დასაქმებულთა უფლებების დამცველი საბჭოს შექმნა, მაგრამ ამას სკეპტიკურად უყურებს.

“მარტივი ლოგიკაა: ყველა პოლიტიკოსს ამუშავებს საზოგადოება და ამომრჩეველი. თუ არ ისმის აქტიური ხმა პროფკავშირებიდან, არა მგონია, ვინმეს სხვისი რეალური იმედი ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ როცა იქნება საჭირო, მე თქვენ დაგიჭერთ მხარს, მაგრამ თუ პროფკავშირები არ იარსებებს საქართველოში, საქართველოში ყოველთვის შეილახება მშრომელთა უფლებები. პროფკავშირები უნდა გაძლიერდეს,” – ამბობს პრეზიდენტი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის თქმით, თუ კანონით არ შეუწყე ხელი ძლიერ პროფკავშირს, მათი საქმიანობა ნაკლებად შედეგიანი იქნება. მისი თქმით, კანონი უნდა იყოს დემოკრატიული და ცივილიზებული, პროფკავშირმა რომ შეძლოს ამ კანონის იმპლემენტაციისთვის ბრძოლა: “ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ არ არის პროფკავშირები იმიტომ, რომ კანონი არ უვარგათ იქ.”

როგორც გიორგაძე ამბობს, რომ პროფკავშირებს სურთ, კონსტიტუციაში დარჩეს უსაფრთხო შრომასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომლის ამოღებაც რეალურად უნდათ.

“უფრო მეტიც, როცა გვქონდა გარკვეულ დონეზე მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები, მაშინ იყო იმის შესახებ საუბარი, რომ არათუ მარტო უსაფრთხო შრომაზე დარჩენილიყო ჩანაწერი, არამედ კონსტიტუციის დონეზე ჩაწერილიყო უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი ორგანოს შესახებ, რომელიც უნდა შექმნილიყო. გარდა ამისა, აქვთ მცდელობა, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ქალისა და მამაკაცის შრომა, მინიმალური ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო და ა.შ. კონსტიტუციის დონეზე არ იყოს დეკლარირებული და შემდგომში დებულებით დარეგულირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პრაქტიკაში იქნება კანონი ინტერპრეტირებული, მერე ვერ მოვახერხებთ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას ამა თუ იმ მუხლთან დაკავშირებით. ანუ ეს არის რეალურად მექანიზმისა და ბერკეტის ხელიდან გამოცლა. პრეზიდენტს ვუთხარით, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირებს სერიოზული წინააღმდეგობა აქვს, ვაპროტესტებთ და მოვთხოვეთ აზრის დაფიქსირება, არის თუ არა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და მექანიზმების შესუსტება. ასევე გვაინტერესებდა, სამომავლოდ უნდა გვქონდეს თუ არა პრეზიდენტის მხარდამჭერის იმედი, რაზეც გაგვცა ის პასუხი,” – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი.

2017 წლის 9 მაისს ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობისბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს 4 მეშახტე დაიღუპა, როდესაც ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა. ისინი ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში მუშაობდნენ. ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი 14 მაისს დაკრძალეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.