ხუციშვილი: შსს-ს თანამშრომლები ფარცხალაძესთან შეიძლება პირადი ურთიერთობის გამო იყვნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუ რატომ არ დაიკითხა აქამდე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე. მისივე თქმით, ეს საქმის გამომძიებლის გადასაწყვეტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუშინ, 14 მაისს, ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლში შს სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი შესაძლებელია პირადი ნაცნობობის საფუძველზე შედგა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს 40 000 ადამიანი და შეიძლება ვინმე პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდეს. მიმართეთ პრესსამსახურს და გეტყვიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არანაირად არაა დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან”,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რ2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წუხელ ოთარ ფარცხალაძესთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შსს-ს პრესსამსახურში დღეს ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შსს-ს თანამშრომლები ფარცხალაძესთან მისი გამოკითხვის მიზნით არ ყოფილან.

ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com