ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, ანაბეჭდები სესიაშვილის შვილისაა, თუმცა ქურდობა არ ჩაუდენია

2 მაისი, 2017 • 2505
პროკურატურის ცნობით, ანაბეჭდები სესიაშვილის შვილისაა, თუმცა ქურდობა არ ჩაუდენია

საქართველოს პროკურატურა განცხადებით ეხმაურება თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტს, რომელშიც ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდებიც ფიგურირებს.

პროკურატურა განმარტავს, რომ სესიაშვილის უდანაშაულობა გამოძიებამ უკვე დაადგინა და მანქანაში მისი თითის ანაბეჭდები მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის დაზარალდებულის ახლო მეგობარია. საქმეზე იმავე შინაარსის განმარტება ირაკლი სესიაშვილმაც გააკეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს, რომელზე ჩატარებული გამოძიებითაც დადგინდა, რომ დავით სესიაშვილი უდანაშაულოა:

“ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული. იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ავტომანქანაზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.” – ნათქვამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, მათი ინფორმაციით, საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

26 აპრილს პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილი დავით სესიაშვილი დაასაქმეს და მის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტი დამალეს. სუს-ში სესიაშვილის სამსახურში აყვანის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა რაიმე სახის კანონდარღვევას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი